არჩილ კბილაშვილი:  არ მახსენდება თემა, რომელიც იყო ჩემი კომპეტენცია და გადაწყვიტა ლაშა ნაცვლიშვილმა

არჩილ კბილაშვილი: არ მახსენდება თემა, რომელიც იყო ჩემი კომპეტენცია და გადაწყვიტა ლაშა ნაცვლიშვილმა

მე არ მახსენდება ისეთი თემა, რომელიც იყო ჩემი კომპეტენცია და გადაწყვიტა ლაშა ნაცვლიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა. 

მთავრამა პროკურორმა უპასუხია კითხვას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შესახებ, რომ ხშირად მთავარ პროკურატურაში კბილაშვილის ნაცვლად გადაწყვეტილებას მისი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი იღებს.

როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი იმის ფარგლებში ჯდება, რასაც კანონი ითვალისწინებს.

"პრემიერი ყოველთვის რეალობას ამბობს და როცა რეალობაა წარმოჩენილი, ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული როგორც არის. ლაშა არის პირველი მოადგილე, ის უძღვება მთლიანად საგამოძიებო საქმიანობას და ბუნებრივია, აქვს საკმაოდ დიდი დატვირთვა პროკურატურის ხაზით წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით წარმართოს საქმეები, ასე რომ, ეს ბუნებრივია და აქ უჩვეულო არაფერია. კანონში არის ჩამოთვლილი ისეთი შემთხვევები, როცა გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მთავარი პროკურორი, ასეთი შემთხვევებია მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ დევნის დაწყება თუ მაგალითად, ისეთი ტიპის საპროცესო შეთანხმების დადება, როგორიც გაფორმდა ბედუკაძესთან დაკავშირებით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი საკითხი არის ჩვეულებრივი, მიმდინარე გამოძიების თემა, რომელზეც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია პირველ მოადგილეს. მე არ მახსენდება ისეთი თემა, რომელიც იყო ჩემი კომპეტენციის და გადაწყვიტა ლაშამ. ამდენად, ეს ყველაფერი იმის ფარგლებში ჯდება, რასაც კანონი ითვალისწინებს", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

ამასთან, მთავარი პროკურორის განმარტებით, მისი პოზიციაა, რომ ყველა პირმა შეასრულოს უფლებამოსილება, რაც მას აქვს.

"ჩემი მართვის სტილი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა პირმა შეასრულოს უფლებამოსილება, რაც მას გააჩნია და ეს ასეა არა მარტო ლაშასთან მიმართებაში, არამედ სხვა მოადგილეებთან მიმართებაშიც და უფრო ქვემოთაც – ოლქის პროკურორებთან მიმართებაშიც. მიმაჩნია, რომ დეცენტრალიზაცია და იმ პირთა მიერ თავისი ვალდებულების შესრულება, ვისაც კანონით ამის უფლება გააცნია,

ზრდის პასუხისმგებლობას და სისტემის ჯანსაღ მუშაობას", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება იმას, რამდენად წარმატებულად აფასებს მთავარი პროკურატურის ერთწლიან საქმიანობას, კბილაშვილის შეფასებით, მისი უწყება არის გამოწვევების ადეკვატურ ადგილზე.

"ჩემი აზრით, ის ადგილი რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია გამოწვევებთან დაკავშირებით არის ადეკვატური. უფრო წინ ვერ ვიქნებოდი და თუ ჩამოვრჩებოდით, ისიც საწყენი იქნებოდა. მე თანაზომადად მიმაჩნია ჩვენი ყოფნა", - დასძინა არჩილ კბილაშვილმა.