ირაკლი ალასანია: თუ ჯიჰადის კლიპების საქმეს შსს ვერ გამოიძიებს, საქმეში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთვება

ირაკლი ალასანია: თუ ჯიჰადის კლიპების საქმეს შსს ვერ გამოიძიებს, საქმეში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთვება

"სამწუხაროა, რომ ჯიჰადის კლპებთან დაკავშირებით დღემდე არანაირი სიახლე არ არსებობს,"- -ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ TV-3-ის გადაცემა "დიდი პოლიტიკის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ალასანიას თქმით, მას დიდი იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ნათელი მოეფინება თალიბების სახელით გავრცელებულ ქართველებისადმი მუქარისშემცველი ვიდეოჩანაწერების საკითხს.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "თუკი პროგრესი არ იქნა გამოძიებაში, რომელსაც აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნულ საქმეში თავდაცვის სამინისტროს და მისი საერთაშორისო პარტნიორების რესურსები ჩაერთვება".

"ყოველ შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს ექნება ინფორმაცია რამდენად შესაძლებელია პროგრესი ამ კუთხით. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები გაგვაჩნია, ჩვენ ჩვენი პარტნიორები გვყავს იმ საქმეში რასაც ვაკეთებთ და ამიტომ მაშინ, ალტერნატიულ გზებს მივმართავთ ჭეშმარიტების დადგენის. ეს პირდაპირი თავდასხმა იყო ქართულ შეიარაღებულ ძალებზე. მესმის, რომ ეს რთულია, თავად ამიხსნა ღარიბაშვილმაც და სხვებმაც ვინც ამ გამოძიებაში არიან ჩართულნი, რომ მართლაც რთულია გამოსაძიებლად, მაგრამ უნდა გამოვიძიოთ.მქონდა მოლოდინი იმისა, რომ ეს შეძლებოდა ვადებში გაწელილიყო, მაგრამ ჩემთვის მთავარია შედეგი და მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას.,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თალიბების სახელით ანტიქართული, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის და მოსახლეობისთვის მუქარისშემცველი ვიდეორგოლები ინტერნეტსივრცეში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა და აღნიშნული საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა.