ირაკლი ალასანია მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს

ირაკლი ალასანია მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს

"წინა არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ დიდწილად ნდობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს და მე, როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ამ ფაქტს ვიღებ და პატივს ვცემ ქართველი ხალხის განწყობას, არჩევანს და დამოკიდებულებას,"-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ TV-3-ის გადაცემა "დიდი პოლიტიკის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ალასანია სხვადასხვა კვლევებში საზოგადოების მხრიდან მისდამი განსაკუთრებულად მაღალი მხარდაჭერის მაჩვენებლების დაფიქსირებას ქართველი ხალხის ჯარის მიმართ დამოკიდებულებით ხსნის და მიიჩნევს, რომ ამის ძირითადი მიზეზი ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი გმირობაა ავღანეთში და სხვა საეთაშიროსო მისიებში მონაწილეობისას.

რაც შეეხება კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად მისი კანდიდატურის არდასახელებას და მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატად განათლების ყოფილი მინისტრის გიორგი მარგველაშვილის წარდგენას, ალასანიას თქმით, "ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და კოალიციის ლიდერის გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე მან ეს გადაწყვეტილება კოალიციის დანარჩენ ლიდერებს გაუზიარა".

"როდესაც მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელმა ლიდერმა შემოგვთავაზა მის მიერ შერჩეული კანდიდატურა, ეს სრულად გავიზიარე როგორც ხალხის ნდობის მატარებელმა კოალიციის ლიდერმა. აქედან გამომდინარე, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც მე პატივი ვეცი. ამას დაემატა ისიც, რომ კანდიდატი, რომელიც მან წარმოადგინა, ჩემის მხრიდან, ადამიანურადაც, პიროვნულადაც ძალიან მაღალი ღირსების მატარებელია და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი იქნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არავითარ შემთხვევაში ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს და მისი ყველა გადაწყვეტილების ქვაკუთხედში იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესები,"- განაცახა ირაკლი ალასანიამ.

კითხვაზე, მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა სკანდალური ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ დაიძაბა თუ არა, ალასანია პასუხობს, რომ "ეს იყო იმდროინდელი ხელისუფლების სპეციალური პოლიტიკური თავდასხმა მაშინდელ ოპოზიციაზე".

"რაც შეეხება პრობლემას ურთიერთობაში, დაძაბულობას, ეს ბუნებრივი პროცესია. როდესაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთს დაპირისპირებული პოზიციებიდან დაველაპარაკოთ და შემდეგ რაღაცაზე შევჯერდეთ, ესეც განსხვავებული წინა ხელისუფლების პოლიტიკური ძალისგან, სადაც განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი ტოლერანტული დამოკიდებულება არ ყოფილა,"- დასძინა ალასანიამ.