პაატა ზაქარეიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდა

პაატა ზაქარეიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შეხვდა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს (PSC Ambassadors) შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა მათ ინფორმაცია გამყოფ ხაზებთან შექმნილი ვითარების, კონფლიქტების დარეგულირებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით რუსეთთან საქართველოს მთავრობის პოლიტიკის, ასევე აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ურთიერთობების შესახებ მიაწოდა.

"ეს იყო საინტერესო შეხვედრა. ელჩებს გავაცანი საქართველოს მთავრობის პოლიტიკა როგორც კონფლიქტების, ისე ეთნიკური უმცირესობების საკითხების მიმართულებით. ასევე, ვისაუბრე იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენი სტრატეგიის რეალიზაციასა და როგორ ვხედავთ ევროკავშირის ჩართულობას ამ მიმართულებით. აღვნიშნე, რომ რაც უფრო მაღალი იქნება ევროკავშირის მხარდაჭერა, მით მეტად გაიზრდება ნდობა ევროკავშირის მიმართ არა მხოლოდ ქართულ, არამედ აფხაზურ და ოსურ მოსახლეობაშიც", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილი საზოგადოებები ნათლად დაინახავენ განსხვავებას დანარჩენ საქართველოსთან. სახელმწიფო მინისტრმა ელჩების კითხვებსაც უპასუხა.