სოჭის ოლიმპიადაზე აუცილებლად ჩაიდენს ყველა იმ ცირკაჩობას პუტინი, რაც ძალიან ეხერხება

სოჭის ოლიმპიადაზე აუცილებლად ჩაიდენს ყველა იმ ცირკაჩობას პუტინი, რაც ძალიან ეხერხება

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის პოლიტიკური ფასი რა არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სუბარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ფასი არის ის, რომ იქ აუცილებლად დაგვახვედრებენ ე.წ. ოსურ და აფხაზურ დელეგაციებს და აუცილებლად ააფრიალებენ მათ დროშებს.

"აუცილებლად ჩაიდენს ყველა იმ ცირკაჩობას პუტინი, რაც ძალიან ეხერხება. აუცილებლად იქნება ექსკურსიები აფხაზეთის ტერიტორიაზე ოლიმპიადის სტუმრებისთვის, მოკლედ, ყველანაირად აგვიგდებენ აბუჩად, რაც მათ კარგად ეხერხებათ. სხვანაირად არ შეუძლიათ. რომ შეეძლოთ, ამდენი წელი რაღაცას სხვას, სხვანაირად გააკეთებდნენ, ეს არის მათი სტილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარე და საქართველოსთან და სამეზობლოსთან ქიშპობის გამო, ერთადერთი მეთოდი, რაც მათ შეუძლიათ, არის დამცირება. პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი "კარგი შანსი" მიცემათ მათ საქართველოს დამცირებისთვის და ამას აუცილებლად გამოიყენებენ.

"თქვენ გგონიათ პუტინი ამას არ გამოიყენებს?! რა თქმა უნდა გამოიყენებს! როცა ამას ვაფორმებთ ჩვენ, როგორც დიპლომატიურ გარღვევას, რუსეთისთვის ეს არის კიდევ ერთი მინიშნება, რომ ჩვენ მზად ვართ ე.წ ახალი რეალობის მიღებისთვის, ახალი რეალობა კი არის დაქუცმაცებული საქართველო. ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს და საქართველოს მთავრობა უნდა მიჰყვეს მის ნებას და არ უნდა გაგვიტაცოს ჩიხურმა გზამ, რადგან იმ გზის იქით ახალი ჰორიზონტები ნამდვილად არ იშლება", - განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად ზამთრის ოლიმპიური სახეობის ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობას, პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ზამთრის სახეობები იმდენად მცირეა, რომ "ვერანაირი სანქციები ოლიმპიური კომიტეტიდან ვერ დაგვეკისრებოდა, თუ არ მივიღებდით ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას.

"მე ძლაინ მიყვარს ჩემი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ელენემ იასპარეზოს, ჩვენს ერთ-ორ მოთხილამურესაც არა უშავს, თუმცა მედლების შანსი არ აქვთ, ელენეს ასე თუ ისე აქვს. ჰოკეისტთა გუნდიც ჰყავს საქართველოს, მაგრამ არ მგონია, რომ ოლიმპიადაზე ისინი გამოვიდნენ. საქართველოსთვის ზამთრის სახეობები იმდენად მცირეა, რომ ვერანაირი სანქციები ჩვენ ვერ დაგვეკისრებოდა თუ არ მივიღებდით ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.