სურსათის ეროვნული სააგენტო 1-2 ოქტომბერს

სურსათის ეროვნული სააგენტო 1-2 ოქტომბერს "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

1-2 ოქტომბერს „ბომონდ გარდენში“ (მარშალ გელოვანის 6) გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად მომზადებულ კანონპროექტს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში განსახილველად პარლამენტს გაეგზავნება.

საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს კოდექსის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საქართველოში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მყარი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას. მისი მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველთა და მცენარეთა დაცვა, სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, აგრეთვე, მომხმარებლისთვის აუცილებელი, უტყუარი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ.

აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დაცვას; მოაწესრიგებს ბიზნესოპერატორის საქმიანობას და მის ვალდებულებებს; ეტიკეტირებას; ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის რეგისტრაციის პროცედურებს, ექსპორტ-იმპორტის და რეექსპორტის მოთხოვნებს; კრიზისული მდგომარეობის მართვას.

სამუშაო შეხვედრა ფინანსდება ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების (CIB) პროგრამის მიერ.

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 09:30 საათზე.