"ყველას სიამოვნებით მოვუსმენ, მაგრამ სააკაშვილი კარგ მასწავლებლად ვერ გამოდგება"

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ერთობლივი კონსულტაციების გამართვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მთავრობისადმი შეთავაზების კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სიამოვნებით მოუსმენდა ყველას, ვისაც კარგი მიღწევები აქვს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მასწავლებლად ვერ გამოდგება.

"განცხადებაში ისიც იყო, რომ ახლა უფრო მეტი ტერიტორია იკარგება, ვიდრე 2008-ში, ეს შედარება როგორ მოგწონთ, ჯანსაღია?! 2008-ის და დღევანდელი ტერიტორიების გადმოწევა შედარებადია?! და საერთოდ, ბოლო განცხადებები, რაც მათი მხრიდან კეთდება. რუსეთთან დაკავშირებით ისეთი პოზიცია აქვთ მათ, რომ ჩვენ გვასწავლიან ჭკუას როგორ უნდა მოვიქცეთ. ისინი გვასწავლიან, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ, ეს დიდი უმეცრებაა, რაც მათ 2008-ში გააკეთეს. რუსეთის აგრესიას არავინ ამართლებს. გასაგებია, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, გვაძახებენ იმასაც, რომ სიტყვა ოკუპირებული დიდი ხანია აღარ უთქვამთო. მათი უმეცრების გარეშე ეს არ მოხდებოდა. მათ უამრავი სისულელე გააკეთეს. დღეს რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ მათგან, რუსეთთან ურთიერთობის ჩიხში შეყვანაში ამ კაცს ლომის წილი არ აქვს?! დღეს რა უნდა ვისწავლოთ მისგან, იმავე რიტორიკას აგრძელებს და ჰგონია, რომ მაგ რიტორიკით რამე მოიგო და რამე გააკეთა. შესაბამისად, იმისგან უნდა ისწავლო, ვისაც კარგი მაგალითი და კარგი მიღწევები აქვს. ის, რაც მიაღწიეს მათ და პირადად მაგან, მაგისგან სასწავლებელი ჩვენ არაფერი გვჭირს. ჩვენ პრინციპულები და თანმიმდევრულები ვიქნებით და მათ გაფუჭებულ საქმეს აუცილებლად გამოვასწორებთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება. რაც ე.წ. საზღვრებთან ხდება იმის შედეგია, რაც მათ გააკეთეს. ეს შედეგია ზუსტად მათი უმეცრებისა და სისულელეებისა. თუ თქვენ კარგ მასწავლებელს ნახავთ, ვისაც კარგი მიღწევები აქვს, მე ყველას სიამოვნებით მოვუსმენ, მაგრამ ის კარგ მასწავლებლად ვერ გამოდგება. ამაში ლომის წილი სააკაშვილს მიუძღვის და ახლა დავჯდე და მან უნდა მასწავლოს ჭკუა?! მან დაანგრია და ახლა მე უნდა მასწავლოს აშენება?! რანაირად გამოვა ეს?!", - განაცხადა ივანიშვილმა.