"მინდა, მივმართო ევროკავშირს, მოუწოდოს რუსეთს, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ქმედებები შეწყვიტოს"

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებთან დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ადმინისტრაციულ ხაზთან მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის საქართველოსა და ზოგადად, რეგიონულ უსაფრთხოებას.

"მიუხედავად გარკვეული დადებითი დინამიკისა, რომელიც ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საქმეში შეიმჩნევა, სამწუხაროდ, მოსკოვი საოკუპაციო ხაზზე უკანონო მოქმედებებს კვლავ აგრძელებს, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებას. 17 სექტემბრიდან რუსმა სამხედროებმა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავლთულხლართებისა და ღობეების აღმართვა კვლავ განაახლეს, კერძოდ, გორის რაიონის სოფლებში დიცსა და დვანში, სადაც თქვენ ბრძანდებოდით. მსგავსი უკანონო მოქმედებები მძიმედ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს. მათ შორის თავისუფალი გადაადგილებას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას და სხვა უფლებებს. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის, პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სასაფლაოზე შესვლის უფლებასაც კი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე მილიტარიზაცია, რუსული ჯარებისა და მძიმე შეიარაღების არსებობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

"მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით მივმართო ევროკავშირს, არსებული სერიოზული საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, გააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა, უზრუნველყოს უკვე შეთანხმებული მიზნების რეალიზაცია ვილნიუსის სამიტისთვის. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, გააგრძელოს ქმედითი არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, მკვეთრად დააფიქსიროს თავისი პრინციპული პოზიცია, რომ დაუშვებელია ჟენევის მოლაპარაკებების დაკნინება არსებული ფორმატის შეცვლის მიუღებელი მცდელობებით, სათანადო რეაგირება მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მიმდინარე საგანგაშო ვითარებაზე და მოუწოდოს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უკანონო მოქმედება, გამოიჩინოს კონსტრუქციულობა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებასთან დაკავშირებით, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიან ფუნქციონირებას, რეალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები დევნილთა საკუთარ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირესეული დაბრუნების საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების რეალიზაციისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.