სახალხო დამცველი იუსუფ ლაკაევთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

სახალხო დამცველი იუსუფ ლაკაევთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წინადადებით მიმართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს , სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ლაშა ჯაყელის წინააღმდეგ, შეისწავლოს და შეაფასოს მის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობის კანონიერება.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, 2013 წლის 13 სექტემბერს, მედია საშუალებების ინფორმაცით, ქ. ბათუმში შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე და მისი თანმხლები პირები, რომლებმაც დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავების დროს, ორმხრივი სროლის შედეგად, დაიჭრა როგორც ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, ასევე პოლიციის თანამშრომელი და ერთი გამვლელი.

2013 წლის 14 და 15 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, შეხვდა დაკავებულ პირებს. 2013 წლის 15 სექტემბერს, 22:11 საათზე, კი საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტთან ერთად, იმყოფებოდა შპს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დაჭრილი ბრალდებულის, ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის, იუსუფ ლაკიევის, მოსანახულებლად. მოქალაქე ი. ლაკიევი მოთავსებული იყო ქირურგიული განყოფილების N5 პალატაში და მასთან შესვლა შეზღუდული იყო სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი პირის (მისივე განმარტების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - ლაშა ჯაყელის) მიერ.

აღნიშნული აპარატის ინფორმაციით, ლ. ჯაყელმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტს არ მისცა ბრალდებულ ი. ლაკიევთან შეხვედრის შესაძლებლობა. მისი განმარტებით, ი. ლაკაევს არავისთან კონტაქტი არ სურდა.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს განუმარტეს, რომ "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ისინი ახორციელებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განუმარტეს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან კომუნიკაცია ნებაყოფლობითია და თუკი პირადად ი. ლაკიევი უარს განუცხადებდა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს ახსნა-განმარტების მიცემაზე, აღნიშნული არ განხორციელდებოდა იძულებითი ფორმით, ვინაიდან, კანონმდებლობა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულისათვის ახსნა-განმარტების მიცემის სავალდებულოობას არ ადგენს.

მიუხედავად ამისა, შსს-ს თანამშრომელმა, ლაშა ჯაყელმა, მაინც არ მისცა მათ პალატაში შესვლის საშუალება. ამასთან, შეკითხვაზე - თუ ვინ იმყოფებოდა პალატაში იუსუფ ლაკაევთან - საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტმა შსს-ს თანამშრომელ ლაშა ჯაყელისგან პასუხი ვერ მიიღეს.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტის მისვლისას ი. ლაკაევის პალატაში ენთო შუქი, სადაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტმა, პაციენტის გარდა, შეამჩნია კიდევ ორი პიროვნება, რომლებსაც ეცვათ სამხედრო ფორმის შარვლები, შავ მაისურზე გადაცმული ჰქონდათ სამხედრო ქურთუკები და ხმამაღლა საუბრობდნენ. თუმცა, ლ. ჯაყელი ამტკიცებდა, რომ ი. ლაკაევს არ სურდა არავისთან კონტაქტი.

"იმავე დღეს, 22:40 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტთან ერთად, შეხვდა ი. ლაკაევის მკურნალ ექიმს, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასთან საუბარი შესაძლებელი იყო. ექიმი გასაუბრების შეზღუდვის საფუძველს ვერ ხედავდა", - აცხადებენ სახალხო დამცველში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით, მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. შესაბამისად, მისთვის დაბრკოლებათა შექმნა წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას, რაც დასჯადია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1734–ე მუხლით", _ აცხადებენ სახალხო დამცველში.