მზად ვართ, ზუსტ ფორმულირებაზე არასამთავრობოებთან შეთანხმებით ჩამოვყალიბდეთ

მზად ვართ, ზუსტ ფორმულირებაზე არასამთავრობოებთან შეთანხმებით ჩამოვყალიბდეთ

საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გასვლის საკითხზე კანონმდებლობაში შესატანი ცვლილელების ზუსტ ფორმულირებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით ჩამოყალიბდეს, - ამის შესახებ შესაბამის კანონპროექტის ავტორმა და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე განმარტებით, ის თეორიულად ეთანხმება არასამთავრობო სექტორს, რომ ახალი შეზღუდვის შემოტანით შესაძლოა ზოგიერთმა ჩინოვნიკმა ისარგებლოს და სწორედ იმიტომ, რომ ეს თავიდან იქნას აცილებული მზადაა ამ საკითხზე მათი მოსაზრებები გაითვალისწინოს.

"ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ზუსტად ადამიანის უფლებათა დროშით და ნამდვილად არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას. ერთ-ერთი პირველი სწორედ მე დავუპირისპირდები თუ ვინმე დააპირებს, რომ ადამიანის უფლებები შეზღუდოს, მით უმეტეს ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიცაა გადაადგილების უფლება. ესაა ზუსტად ის ფორმა, რომელიც სიტყვა-სიტყვით გადმოტანილია კანონში კონსტიტუციიდან, თუმცა თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული შეიძლება ძალიან ცუდად გამოიყენოს ამა თუ იმ ჩინოვნიკმა, მზად ვარ მათთან ერთად გავწერო ყველა ის დეტალი, თუ როგორ უნდა იქნას ამოქმედებული კონსტიტუციის ეს ნორმა და როგორ უნდა იქნას ის ჩაწერილი კანონში", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

მისივე განმარტებით, ის მხოლოდ მადლობელია არასამთავრობო სექტორის, მათ მიერ გამოჩენილი აქტიურობისთვის და მზადაა მათი მოსაზრებები გაითვალისწინონ.

როგორც ცნობილია, საუბარია "საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე უარი შეიძლება ეთქვას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.