ნინო ბურჯანაძის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

ნინო ბურჯანაძის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

ნინო ბურჯანაძის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" და ნინო ბურჯანაძის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ქალაქ თბილისის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად და პრინციპულურად აღნიშნავს, რომ მიუხედავათ დღევანდელი ხელისუფლების მრავალმხრივი დაპირებისა, რომ საარჩევნო პერიოდი ჩაივლიდა სამართლიან და მიუკერძოვებელ საარჩევნო გარემოცვაში, დღითიდღე სულ უფრო და უფრო იგრძნობა პრობლემები. კონკრეტულად: წინასაარჩევნო კამპანია ტარდება არათანაბარ პირობებში. კვლავ ცოცხალია სააკაშვილი-მერაბიშვილისეული მეთოდები, ურთიერთ კოჰაბიტირებული "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობენ დიდი უპირატესობით და ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები.

მაშინ როდესაც ჩვენ პარტიას არ აქვს დაფინანსება, ხდება უპრეცედენტო ფაქტი: პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ვერ სარგებლობს უფასო სარეკლამო დროით, რაც ყველა საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით არის მიუღებელი დემოკრატიული არჩევნების დროს.

მარგველაშვილის და ბაქრაძეს შეხვედრების გაშუქების ფონზე, ქალბატონი ნინო ბურჯანაძის შეხვედრები რატომღაც ყოველთვის შუქდება ბოლოს. დაიწყო პროვოკაციები მერაბიშვილი-უტიაშვილის უწყების აქტიური თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც გადავიდნენ "ოცნების" შტაბებში.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე არის "ქართული ოცნების" მინისტრი, რომელიც აქტიურად არის ჩართული მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში, აქტიურად გამოიყენება სახელისუფლებო ადმინისტრაციული რესურსი.
მიმდენარეობს ზეწოლა პედაგოგებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, საჯარო სექტორის მუშაკებზე, რათა არ მივიდნენ ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრებზე;უცნობი ადამიანები ატარებენ გაურკვეველ გამოკითხვებს ჩვენი პარტიის სახელით; გრძელდება ჩვენ აქტივისტებზე, მხარდამჭერებზე და ოფისების მეპატრონეებზე ზეწოლები. ჩვენ აქტივისტებს ყოველდღიურად იბარებენ აუდიტის სამსახურში და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში, სადაც დღემდე მუშაობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სადაც პერმანენტულად ხდება დაკითხვები, ზეწოლები, დაიკითხვის პროცესის ვიდეო და ფოტო გადაღებები.
28 სექტემბერს აუდიტის სამსახურში დაბარებული იქნა და დაიკითხა ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის ოფიციალური საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური დირექტორი (ფონდის თავმჯდომარეა ყველასათვის ცნობილი მსახიობი, გია ბურჯანაძე).
ჩვენს პარტიულ აქტივისტებს უღებენ ფოტოებს შტაბების მიმდებარე ტერიტორიებზე და ცდილობენ მათ პროვოცირებას. ჩვენს ოფისებთან მორიგეობენ პოლიციის საპატრულო მანქანები, რომლებიც ნაცვლად თავიანთი უშუალო მოვალეობისა, რატომღაც დგანან და რაციით გადასცემენ რამდენი ადამიანი შედის და გამოდის ოფისიდან, რამდენი დროშა კიდია და ა.შ.
მაგალითად, 27 სექტემბერს ავჭალის დამატებით ოფისთან, 28-ში მუხიანში იდგა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სახელმწიფო ნომრით - AჩE157. მსგავსი ფაქტებია სხვა რაიონებშიც.
სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანერგილი არჩევნების ჩატარების წესს. კერძოდ, მათ არ დააბრუნეს საარჩევნო კოდექსიდან, 67პ მუხლიდან ამოღებული ჩანაწერი, რომლითაც წარმომადგენელს ენიჭებოდა უფლება ეჭვის შემთხვევაში მოეთხოვა და თავად გადაეთვალა ბიულეტენები უბანზე ხმის დათვლის პროცესში, ეს იყო ყველაზე სერიოზული კონტროლის მექანიზმი არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის, რომელსაც კომისიის წევრი არ ყავს.

ასევე, არჩევნები ტარდება სააკაშვილის დროინდელი გაბერილი, გაყალბებული სიებით, თუმცა ჩვენ გვახსოვს "ქართული ოცნების" და პრემიერ-მინისტრის დაპირებები, რომ მოახდენდა ამ სიების გადამოწმებას ბიომეტრიული პარამეტრებით. სამწუხაროდ, დაპირება დაპირებად დარჩა.

ამავე დროს, სულ უფრო გახშირდა თბილისსა და რეგიონებში პროვოკაციები. მაგალითად, 24 სექტემბერს, გლდანში, ქალბატონი ნინოს მრავალათასიან ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ჩვენს ხალხთან მიგზავნილი იყო პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ აეტეხა ხმაური, მაგრამ ჩვენმა მხარდამჭერებმა შეძლეს მათი გაყვანა ტერიტორიიდან. მსგავსი რამ მოხდა 24 სექტემბერს საბურთალოზეც, სადაც უცნობი ნიღბიანი ახალგაზრდები ცდილობდნენ პროვოკაციების გზით ხელი შეეშალა შეხვედრისათვის.

27 სექტემბერს, როდესაც ქ-ნი ნინო თავის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა საქართველოს ტერიტორიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალთან, ძვირადღირებული დაბურულფარებიანი ჯიპებიდან გადმოცვივდნენ მთაწმინდის რაიონის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, რომლებიც იქ მიავლინა მთაწმინდის ნაცმოძრაობის შტაბის თავმჯდომარის მოადგილე - იმერლიშვილმა. ისინი ყვიროდნენ - ახალაია გმირია, ახალაიას ძეგლი უნდა დაუდგათო, შეეცადნენ ჩაეშალათ ღონისძიება. ერთმა პიროვნებამ შეძახილებით "ახალაია გმირია" "პეპსი-კოლას" ბოთლის სროლაც კი გაბედა, თუმცა პოლიცია პასიურობდა. იძულებული გავხდით ყოველივე ეს ჩვენივე ძალებით აღგვეკვეთა. სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს ხდება სამართალდამცავი ორგანოების სრული პასიურობის ფონზე.

ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებათაშორის კომისიას, ხელისუფლების ადგილობრივ სტრუქტურებს ხელი შეუწყონ ნინო ბურჯანაძის ამომრჩევლებთან შეხვედრების ჩატარებას მშვიდ გარემოში, რეალურად დაიცვან წესრიგი, დროულად აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაციის ფაქტი.

ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს საკითხი გაყალბებულ სოციოლოგიასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვფლობდეთ სანდო ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეების განწყობების შესახებ. ამიტომ, აუცილებელია, საქართველოში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია: ერთიანი სოციოლოგიური საბჭო, რომელიც ერთიან ბაზაზე დაყრდნობით გააკეთებს კომპეტენტურ კვლევებს და ადამიანებს მისცემს სწორ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა განწყობებია მოსახლეობაში.
ჩვენ მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს სისხლის სამართლის კოდექსში დაუყოვნებლივ იქნას შეტანილი ნორმა, რომელიც გაამკაცრებს ზომას არჩევნების გაყალბების ორგანიზატორების მიმართ.

ამიტომ ლოგიკურია ქ-ნ ნინო ბურჯანაძის შენიშვნა, რომ დაუშვებელია ბიძინა ივანიშვილი წავიდეს პოლიტიკიდან გამყალბებლის სახელით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნას, რათა წინასაარჩევნო პერიოდმა დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიაროს. ჩვენ არ მივდივართ სხვის მიტინგებზე და არავის ვუშლით ხელს, იგივეს ველოდებით ჩვენი ოპონენტებისგან.

ჩვენ სრულიად საქართველოში გვყავს ყველაზე აქტიური მხარდამჭერები. ჩვენ გამოვრიცხავთ და არ დავუშვებთ გაყალბებას! ყოველ ხმას კანონიერი გზით დავიცავთ!", _ აღნიშნულია განცხადებაში.