მამუკა ქაცარავა:  პროტესტის ამ ფორმებით გამოხატვა მერიისთვის მიუღებელია

მამუკა ქაცარავა: პროტესტის ამ ფორმებით გამოხატვა მერიისთვის მიუღებელია

ამ ფორმებით პროტესტის გამოხატვა მერიისთვის მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა მერიის შენობასთან სოციალურად დაუცველთა აქციას, მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა. 

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, მერია ამ ფორმებით პროტესტის გამოხატვას ვერ წაახალისებს, რადგან ამას ქაოსი მოჰყვება. ქაცარავას განცხადებით, ქვეყანას აქვს სოციალური დაცვის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერას, რომელიც სარეიტინგო ქულებით ფასდება და ჯერჯერობით, მერია ამ პოლიტიკას მიყვება. მისივე განმარტებით, სოციალურ ბაზას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ადგენს და შეიძლება იქ იყოს ხარვეზები, თუმცა ყოველწლიურად ხდება ამ ხარვეზების გამოსწორება.

"ამ ფორმებით პროტესტის გამოხატვა ჩვენთვის მიუღებელია. ამ ფორმით პროტესტს ჩვენ ვერ წავახალისებთ, რადგან ამას ქაოსი მოჰყვება. დახმარებების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, ამასთან, ინდივიდუალურად ხდება მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლა, მაგრამ არა ამ ფორმით", - აღნიშნა მამუკა ქაცარავამ.

რაც შეეხება უბინაობის პრობლემებს, მისი თქმით, სოციალური ბინათმშენებლობების გარკვეული მინიპროექტები უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, თუკი ვინმე პროტესტს გამოხატავს, რომ იქ ვინმე არასწორად არის შერჩეული, მერია ამას ვერ დაეთანხმება, რადგან შერჩევა მოხდა კომპეტენტური საბჭოს მიერ, რომელშიც მხოლოდ მერიის წარმომადგენლები არ შედიან.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თუკი ისინი კონკრეტულად იტყვიან ვინმეზე, რომ მათი შერჩევა არასწორად მოხდა, ამის გადამოწმება შესაძლებელია, თუმცა ხშირად ზოგადი ფაქტებით პროვოცირებენ.

მამუკა ქაცარავას თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანას საბინაო პოლიტიკა არ აქვს და ამაზე პარლამენტმა უნდა იმუშაოს, რომ საბინაო ფონდი შეიქმნას, თუმცა დღეისთვის ასეთი ფონდი არ არსებობს და ამ ტიპის დახმარებას მერია ვერავის გაუწევს.

რაც შეეხება ქირას, როგორც მამუკა ქაცარავამ განაცხადა, ესეც ინდივიდუალურად ხდება მუნიციპალიტეტების მიერ.

"უნდა იცოდნენ ბენეფიციალებმა რომ ამ ფორმების წახალისება მომავალში არ მოხდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვლინდნენ ყველაზე გაჭირვებულები", - დასძინა მამუკა ქაცარავამ.

თბილისის მერიასთან სოციალურად დაუცველები ამ დრომდე არიან შეკრებილები.