მაია ფანჯიკიძე:  სააკაშვილის შეთავაზება თანამშრომლობის შესახებ უკვე დაგვიანებულია

მაია ფანჯიკიძე: სააკაშვილის შეთავაზება თანამშრომლობის შესახებ უკვე დაგვიანებულია

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება აქტიური თანამშრომლობის შესახებ უკვე დაგვიანებულია. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განცხადა, როდესაც პრეზიდენტის შეთავაზებას გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე და ამ პრობლემის დასაძლევად ერთობლივი კონსულტაციების გამართვის შესახებ. 

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალიან ბევრს აკეთებს რისი საშუალებაც აქვს იმისათვის, რომ სიტუაცია განიმუხტოს და საერთაშორისო მხარდაჭერა იყოს იმ ქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.

"ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის 28 ელჩს. ისინი ახლა სწორედ ე.წ. საზღვრის მიდამოებში იმყოფებიან, რათა თავიანთი თავლით ნახონ ის მავთულხლართები, რომელსაც რუსეთი აბამს. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვაქვს მათთან შეხვედრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი განცხადებები საქართველოსთვის ძალიან მხარდაჭერილი და სასარგებლო იქნება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ის ახლახან ჩამოვიდა ნიუ-იორკიდან, სადაც 60-მდე შეხვედრა ჰქონდა და თითოეულ ამ შეხვედრაზე სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო მთავარი თემა.

როგორც ფანჯიკიძე აღნიშნავს, ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციაა, რასაც მაქსიმალურად აკეთებს.

"ყველა დახმარება რაც შეგვიძლია მივიღოთ მისასალმებელია, თუმცა მე ვთვლი, რომ პრეზიდენტისგან თანამშრომლობის შესახებ შეთავაზება საკმაოდ გვიან მოდის. მხოლოდ ერთი თვე იქნება ის პრეზიდენტი. ეს ერთი წელი - ე.წ. კოჰაბიტაციის, გარკვეულწილად, უნდა ყოფილიყო თანამშრომლობის წელი, რაც იყო კიდევაც ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ ეს შეთავაზება აქტიური თანამშრომლობის შესახებ, უკვე დაგვიანებულია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.