თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია იმართება. ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს ფონდის მიზნებსა და საქმიანობის სფეროებზე დეტალურ ინფორმაციას წარუდგენს.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, თანაინვესტირების ფონდში მობილიზებული კაპიტალი 6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი განმარტებით, ფონდი თანაინვესტირებას გაუწევს ქართველ და უცხოელ ინვესტორებს, ხოლო პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, წარმოება და ლოჯისტიკა.

"თუმცა ამ მიმართულებებით არ შემოვიფარგლებით და მზად ვართ განვიხილოთ სხვა პროექტები. თანადაფინანსება 25-დან 75%-მდე იქნება, თუმცა რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ფონდმა თავად დაიწყოს პროექტი და შემდეგ ეტაპზე მოძებნოს თანაინვესტორი, გათვლა იქნება 7-დან 9 წლამდე პროექტებზე, რომელთა საშუალო ღირებულება 5 მილიონზე მეტია", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდის ინვესტორები არიან: საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორები არიან - დაბი ჯგუფი (Dhabi Group), რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია - ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და სხვები.

გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ფონდში მაქსიმუმ 1 მილიარდი ამერიკული დოლარია, რაც ფონდის დაახლოებით 15% შეადგენს.

ფონდის პრეზენტაციას სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.