ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის შესახებ ინიციატივას

ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის შესახებ ინიციატივას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გაუმართლებლად მიიჩნევს

ქვეყნიდან გასვლის დროებით შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" გაუმართლებლად მიიჩნევს და პარლამენტს მოუწოდებს, აღნიშნული ნორმა კანონში არ მიიღოს.

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის საზღვრების დატოვება საქართველოს მოქალაქეს შეიძლება შეეზღუდოს "სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე" ბუნდოვანი და გაუმართლებელია.
"კანონპროექტმა უკვე გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და ბევრს საბჭოთა კავშირიც კი მოაგონა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ კანონში ამგვარი ჩანაწერი გაუმართლებელი იქნება, რადგან მსგავსი ნორმა მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების ხელყოფის სერიოზულ რისკებს ქმნის.

"ინიციატივის მიხედვით, ცვლილება შედის "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონის მე-10 მუხლში, რომელიც საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ადგენს. მუხლის მოქმედი რედაქციით,
საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე:

ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;
ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს."
ინიციატორების წინადადებით, მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის პუნქტი:
დ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

არადამაჯერებელია კანონპროექტის ინიციატორების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ შემოთავაზებული ცვლილებით, კანონი შესაბამისობაში მოდის და აზუსტებს კონსტიტუციის 22-ე მუხლის ჩანაწერს. კონსტიტუციის ეს მუხლი ადგენს, რომ "ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან" და ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით"

დეპუტატების მიერ შემოთავაზებული ცვლილება ძალიან ზოგადია, კანონს უფრო ბუნდოვანს ხდის და არაფერს აზუსტებს. კანონში მსგავსი ცვლილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება შემოგვთავაზებდა კონკრეტულ მიზეზებს, რაც შეიძლება გახდეს ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის მოხელეს და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს ენიჭება ზედმეტად ფართო დისკრეცია, რაც ქმნის ადამიანის უფლებების შეზღუდვის გაუმართლებელ რისკებს. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მოქალაქის თავისუფალი მიმოსვლისათვის დამატებითი ბარიერების შექმნა და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის ნათელი სამართლებრივი ინსტრუქციის გარეშე.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ინიციატორების ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მოქალაქეს, რომლის ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვაც ხდება, არ მიეწოდება ინფორმაცია ამ უფლების შეზღუდვის მიზეზების შესახებ. განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ ასეთი შეზღუდვის შესახებ დასკვნა არის დროებითი და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომლის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეზღუდვა გაუქმდება. გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ სახელწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზეზით მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილების მისაღებად უნდა არსებობდეს მკაფიო სამართლებრივი საფუძველი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ამგვარი ბუნდოვანი ნორმა კანონში, ვინაიდან სახელმწიფოს ისედაც გააჩნია მოქალაქეებისთვის ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის შესაძლებლობა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. თუ ინიციატორების მიზანია, კანონი შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან, მაშინ მიზანშეწონილია კანონის მუხლში მკაფიოდ ჩაიწეროს ყველა ის საფუძველი, რომლითაც მოქალაქეს შეიძლება შეეზღუდოს ქვეყნიდან გასვლა",-ნათქვამია განცხადებაში.