"თბილისობა" წელს 4-6 ოქტომბერს აღინიშნება

"თბილისობა" წელს 4-6 ოქტომბერს აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, "თბილისობა" წელს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება; დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები.

"თბილისობა" 4 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსით გაიხსნება. პროგრამის მიხედვით ძირითადი ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს გაიმართება. კერძოდ, მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, ტრადიციული საწნახელი მოეწყობა და ყურძენი დაიწურება.

აბანოთუბანში ბავშვებისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა "ფიროსმანი" ჩატარდება. მეიდანზე ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლ "როკვა"-ს, ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ "ჩოხოსნები"-ს და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შეჯიბრი-პატარა მედოლეები"-ს კონცერტი გაიმართება.

ჩატარდება ნარდისა და ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირები, ხილის ფესტივალი, თბილისის IV საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ავტო შოუ, სადღესასწაულო მსვლელობა ბოტანიკურის ქუჩაზე, გასეირნება მტკვარზე ტივით - მეარღნის, მედუდუკეებისა და ყარაჩოღელების თანხლებით, ბაიდარების მსვლელობა მტკვარზე, პანტომიმის თეატრის წარმოდგენა რიყის პარკის ამფითეატრში, ევროპის მოედანზე ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა -"შავფაროსნები", ბაზიერების შოუ; ასევე, გორგასლის მოედანზე ქართული პოპ მუსიკის კონცერტი, სხვადასხვა ეროვნების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა; აბანოთუბანში, გორგასლის მოედანზე, კი ჯგუფის "ეგარი" და ჯგუფის "ბანი" კონცერტები. ევროპის მოედანზე ოთარ რამიშვილის 75 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელზეც ოთო ნემსაძე ოთარ რამიშვილის დაუვიწყარ მუსიკას წარმოადგენს.

6 ოქტომბერს კი თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.