თომას ჰამერბერგი - ჩემი გამოყენებაც უცდიათ, თუმცა ეს არც ისე ადვილია

თომას ჰამერბერგი - ჩემი გამოყენებაც უცდიათ, თუმცა ეს არც ისე ადვილია

პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კოაჰაბიტაცია მაინც და მაინც არ გამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს მთვარობის მრჩეველი სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

მისივე შეფასებით, ამაში ლომის წილი მათ პირად დაძაბულ ურთიერთობას უდევს.

"ისინი ძალიან განსხვავებული პიროვნებები არიან, განსხვავებული ბეგრაუნდებით. პარლამენტში კოაბიტაცია მეტ-ნაკლებად შედგა. პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში პარლამენტმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, მან მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონები, მათ შორის შრომის კოდექსი და შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში", - აცხადებს ჰამერბერგი.

რაც შეეხება საქართველოს მმართველობის ახალ მოდელზე გადასვლას, ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნულს იწონებს და ფიქრობს, რომ წინდახედულად მოქმედი პარლამენტის პირობებში ქვეყნის მომავალი უფრო უსაფრთხო იქნება.

"საპრეზიდენტო ხელისუფლებიდან საპარლამენტოზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილება მგონია. წინდახედულად მოქმედი პარლამენტის პირობებში ქვეყნის მომავალი უფრო უსაფრთხო იქნება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს არა ერთი ადამიანი ან ადამიანთა მცირე ჯგუფი, არამედ უმრავლესობა. თანაც, საპარლამენტო ხელისუფლებასაც არავინ უშლის, ჰყავდეს ძლიერი ლიდერები. დემოკრატია სწორედ იმას ნიშნავს, რომ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, თუ ვის აქვს პოლიტიკურად ნომერი პირველი პოზიცია. შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ რაც მეტი ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას, მით უფრო ნაკლებია შეცდომის დაშვების ალბათობა", - მიიჩნევს ჰამერბერგი.
გარდა ამისა, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ის სამართლიანობის აღდგენის პროცესზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ მთავრობამ არ უნდა დაუშვას პოლიტიკური ანგარიშსწორება.
"საზოგადოების უკმაყოფილება სავსებით ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოების დაკვეთა სამართლიანობის ჭეშმარიტი აღდგენისგან შესაძლოა საკმაოდ შორს იდგეს. უმნიშვნელოვანესია, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმპცია, მთავრობამ არ უნდა დაუშვას პოლიტიკური ანგარიშსწორება. თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრალი სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცესის შემდეგ დაუმტკიცდება. თავიდან უნდა აიცილოთ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამით დაიმსახურებთ როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობის უნდობლობას, - შეიქმნება აზრი, - ეს პირები იმიტომ კი არ დაისაჯნენ, რომ დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებიანო. ვაცნობიერებ, რომ პოლიტიკურ დილემასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ზეწოლას არ ახდენს სასამართლოზე და ემორჩილება მის გადაწყვეტილებას. ხალხმა უნდა გააცნობიეროს ისიც, რომ სიმართლის დადგენას დრო სჭირდება", - მიიჩნევს ჰამერბერგი.

რაც შეეხება ევროპის შეხედულებებს ამ საკითხზე, თომას ჰამერბერგის თქმით, ევროპას არა აქვს ერთიანი მოსაზრება.

"მაგალითად, ევროპარლამენტში არიან ძლიერი დაჯგუფებები, რომლებიც იზიარებენ ამ განცხადებებს (წინა ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები, რომ ახალმა მთავრობამ "კუდიანებზე ნადირობა" დაიწყო). თუმცა, მრავალი მათგანი საქართველოში ჩამოსვლისა და სიტუაციაში გარკვევის შემდეგ მეტი მოწიწებით მსჯელობს, მეტ თავმდაბლობას იჩენს და სხვა. "იყავით თავმდაბალნი და არ მისცეთ საშუალება პოლიტიკურ ძალებს საქართველოში თქვენი მოსაზრებები ინსტრუმენტად გამოიყენონ, რასაც ისინი, როგორც წესი, ცდილობენ ხოლმე" - აი, ამას ვეუბნები ჩემს კოლეგებს", - განმარტავს ჰამერბერგი, რომელიც არ მალავს, რომ მისი გამოყენებაც უცდიათ, თუმცა "ეს არც ისე ადვილია".