თბილისის მერიასთან აქცია იმართება

თბილისის მერიასთან აქცია იმართება

სოციალურად დაუცველები, ვეტერანთა კავშირის წევრები, იპოთეკით დაზარალებულები და დევნილები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მერიას საბინაო ფონდის შექმნას სთხოვენ, რათა უსახლკაროდ დარჩენილებზე თბილისის მერიამ იზრუნოს და მათ საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

აქციის მონაწილეების თქმით, თბილისის მერია არანაირ ინიციატივას და ყურადღებას არ იჩენს უსახლკაროდ დარჩენილების მიმართ.

აქციის მონაწილეებმა მერიასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს, მიტანილი აქვთ ცოცხები, რომელზეც წითელი ვარდებია დამაგრებული. ასევე გაკეთებული აქვთ თბილისის მერის გიგი უგულავას სურათი, რომელსაც შავი არშია აქვს შემოვლებული. აქციაზე უკრავენ სამგლოვიარო მუსიკას, ხოლო აქციის მონაწილეებს მკერდზე მიბნეული აქვთ შავი ფერის ლენტები. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული პერფომანსით თბილისის მერს გლოვობენ, რომელიც ქალაქისთვის არაფერს აკეთებს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით - "ნათელი ქალაქის შავბნელი მერია", "ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება", "არა სოციალურ ბარბაროსობას", "მე თაღლითების მსხვერპლი ვარ" , "გამოიძიეთ თაღლითური საქმეები".

აქციას, ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაციამ სოლიდარობა გამოუცხადა და აქციის მონაწილეებს შორის ჩადგა.