მოძრაობა

მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლის" წარმომადგენელბი ხელისუფლებისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ

მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ხელისუფლებისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ. ხელისუფლებისადმი შეკითხვები მათ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დააფიქსირეს.

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მმართველი გუნდის მისამართით შემდეგი კითხვები აქვთ: როდის დაიწყება მოსახლეობისადმი დაპირებული სამართლიანობის აღდგენა; დადგება თუ არა მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შეკვეთილ სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობდა; როდის მივა ლოგიკურ დასასრულამდე პარლამენტში დაწყებული პოლიტპატიმრების საქმეების სრულფასოვანი შეფასება; შეჩერდება თუ არა მიზანმიმართული სოციალური ომი, მონოპოლიურ და სახელმწიფო დონეზე დამკვიდრებული მაფიოზური საქმიანობა, რაც გამოიხატება კეთილსინდისიერი მესაკუთრეებისთვის უკანონოდ წართმეულ თუ ჩამორთმეულ უძრავ-მოძრავ ქონებაში, რაც დაიწყო ძველი ხელისუფლების დროს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან პასუხის გაცემას კიდევ რამდენიმე შეკითხვაზე ითხოვენ. კერძოდ, როგორ აცნობიერებს ხელისუფლება დევნილების აუტანელ და გაუსაძლის პირობებს და რას აკეთებს მათი პრობლემების მოგვარების და ღირსეულად დაბრუნებასთან დაკავშირებით; აგებს თუ არა პასუხს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობაზე და მათ მიერ განხორციელებულ სამხედრო ავანტიურულ ქმედებებზე; დადგება თუ არა რეჟიმის სისტემურ შემოქმედთა გასამართლების საკითხი.

აქციას მმართველი გუნდის მხრიდან სამი დეპუტატი - სოსო ჯაჭვლიანი, ნუკრი ქანთარია და დავით ლორთქიფანიძე შეუერთდნენ.