ილია მეორე - უბედურია ის, ვინც ბოროტებას აკეთებს და არა ის, ვისაც ბოროტებას უკეთებენ

ილია მეორე - უბედურია ის, ვინც ბოროტებას აკეთებს და არა ის, ვისაც ბოროტებას უკეთებენ

უბედურია ის, ვინც ბოროტებას აკეთებს და არა ის, ვისაც ბოროტებას უკეთებენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ძველი რომაელების გამონათქვამი გაიხსენა - "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად" და აღნიშნა, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს, რა მხრივ იცვლება იგი.
"თუ ცუდისკენ ვიცვლებით, საცოდავები ვყოფილვართ, თუ კარგისკენ - ბედნიერები ვართ. სიკეთე და ბოროტება ისეთი დიდი საკითხებია, მუდამ აღელვებდა და აწუხებდა ძველ ფილოსოფოსებს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისი ბედნიერება შექმნას სხვის უბედურებაზე, ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ ბოროტებას აკეთებს, ამით მოგებაშია. უნდა გვახსოვდეს, უბედური ის კი არ არის ვისაც ბოროტებას უკეთებენ, უბედურია ის, ვინც აკეთებს ბოროტებას", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ბოროტება ბოროტებით ვერ იკურნება, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით. "თუ ადამიანმა ბოროტება გაგიკეთა, სიკეთით უნდა გადაუხადო და ის სიკეთე ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნდება. ეს ღვთის კანონია", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე თხოვნით მიმართა მრევლს და საზოგადოებას, ნუ გამოიჩენენ სიხარბეს და დაკმაყოფილდნენ მცირედით. "თუ გაქვთ სახლ-კარი, საჭმელი, ნუ იქნებით ხარბნი და ღმერთი ყველაფერს მოგცემთ. ჩვენი გონება უნდა იყოს მიმართული ღვთისაკენ. ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა ვატაროთ და ვთხოვოთ უფალს, ძალა მოგვცეს ამისთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი იღლება და ეცემა. ამიტომ დაიწერა საგალობელი "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", - ბრძანა ილია მეორემ.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ქართველი ჯარისკაცები და შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დალოცა და ისურვა "ღმერთმა ამსახუროს ისინი საქართველოს კეთილდღეობისთვის".