"პეგასუსმა" სტამბულის მიმართულებით რეისი ვერ შეასრულა

ავიაკომპანია "პეგასუსმა" სტამბულის მიმართულებით რეისი ვერ შეასრულა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მგზავრებმა აცნობეს, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ისევ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მათი ინფორმაციით, ავიალაინერზე საწვავმა გაჟონა, რის შემდეგაც მფრინავმა დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენი ინფორმაციით, კომპანიის სათავო ოფისი მფრინავს რეისის შესრულებას აიძულებდა, თუმცა იგი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ისევ თბილისის აეროპორტში დაეშვა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მგზავრები სტამბულში გამგზავრებას დღეს, გვიან ღამით შეძლებენ, თუმცა ეს შეთავაზება დაახლოებით 15 ადამიანისთვის მიუღებელია, რადგან მათ სტამბულში დღეს გადაუდებელი საქმე აქვთ", - აცხადებენ მგზავრები.

მათივე ინფორმაციით, აეროპორტში ხმაურია, რადგან მგზავრები ავიაკომპანიის უყურადღებობით უკმაყოფილო არიან. ნაწილმა კი ბილეთების ფული უკან დაიბრუნა. "ინტერპრესნიუსი" ავიაკომპანია "პეგასუსთან" დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცამ, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ "ცხელ ხაზს" არავინ პასუხობს.