იუსტიციის სახლთან დღეს აქცია გაიმართება

იუსტიციის სახლთან დღეს აქცია გაიმართება

ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულიდან აცნობეს, იუსტიციის სახლთან სასულიერო პირების, იურისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება აქცია მოწოდებით _ "მოვითხოვოთ ალტერნატივა და დავიცვათ ჩვენი თანამემამულენი მოქალაქეობიდან გარიყვისა და საშიში ექსპერიმენტისაგან!".

"სასულიერო პირები და მოქალაქეები გამოხატავენ წყენას 100 000-მდე ხელმომწერთა დღემდე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის გამო - ელექტრონული მოწმობების ალტერნატივასთან დაკავშირებით. ალტერნატიული საბუთების გზა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია მიღებული და რატომ უნდა იყოს საქართველოში ადმინისტრაციული იძულება?! დღეს ჩვენთან სხვადასხვა პროექტით ხდება ამ ბარათების მოქალაქეებისთვის თავზე მოხვევა - ბიომეტრიული არჩევნების საბაბით, ლტოლვილებისა და სტუდენტებისთვის უფასოდ და ამავე დროს ადმინისტრაციული იძულების წესით. ხოლო ალტერნატიული უჩიპო მოწმობები, მიუხედავად საქართველოს ეკლესიისა და ათიათასობით ხელმომწერთა ოფიციალური მოთხოვნისა - დღემდე არ იქნა დაშვებული! მთავრობამ რადგანაც უალტერნატივობის გამო უამრავი ადამიანი დატოვა პირადობის მოწმობების გარეშე და ამით საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა სრული ბოიკოტი, შეუწყვიტა რა ადამიანებს მოქალაქეობრივი უფლებები, გარიყა ყოფა-ცხოვრებისაგან და მოუსპო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება", _ აცხადებს მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი.

მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიხატება პროტესტი და ხელმომწერებთან ერთად შესაბამის კანონიერ ბერკეტს გამოიყენებენ. მისივე ინფორმაციით, შემდგომ დღეებში მხარდამჭერი აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. კერძოდ, დღესვე პარალელური მხარდასაჭერი აქცია გაიმართება ქუთაისის იუსტიციის სახლის წინ. ქუთაისელები აღნიშნულ საკითხზე პროტესტს გამოხატავენ.