ილია მეორე - საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას

ილია მეორე - საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას

საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ცენტრში აფხაზეთიდან დევნილთა წარმომადგენლობის შეკრება გაიმართა. შეხვედრა პოეტმა, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, გენო კალანდიამ გახსნა და უწმინდესი შკრებილი საზოგადოების დასალოცად მიიწვია.

პატრიარქმა შეხვედრაში მონაწილეებს მიმართა. "თქვენთან ერთად ჩვენც ვმსჯელობთ, ვფიქრობთ, ვაანალიზებთ იმ გზებს, რომელებიც მიგვიყვანს აფხაზეთში. მე მინდა ვთქვა, რომ მრავალი აფხაზი და იქ მცხოვრები ხალხი უკვე გრძნობენ, რამდენად დიდი შეცდომა იქნა დაშვებული მათი მხრიდან, როცა გაჩაღდა ეს საშინელი ომი. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ომი და ბრძოლა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს იყო ბრძოლა მესამე ძალასთან",-აღნიშნა შეხვედრაზე უწმინდესმა.

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, გუშინ ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს, როცა ლოცვებს აღავლენდნენ აფხაზეთის ომში დაღუპულებისათვის, ლოცულობდნენ ქართველი ადამიანებისთვისაც და აფხაზებისთვისაც.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და აფხაზეთი ვერ შეძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ერთად, რომ გადავრჩეთ. შეიძლება, აფხაზეთი არსებობდეს და აფხაზები არ იყვნენ იქ, ეს საშინელი მდგომარეობაა. მე ყველას ერთად მოგესალმებით და გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ მალე დადგება დღე, როდესაც ჩვენ ვიზეიმებთ გამთლიანებას. არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავაანალიზოთ და ამოვარჩიოთ ის გზა, რომელიც ჩვენ მალე მიგვიყვანს აფხაზეთში და აფხაზებს მიიყვანს საქართველოში. მალე შევხვდეთ სოხუმში და აფხაზეთში, ამინ",- ბრძანა კათოლიკოს პატრიარქმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბოჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ასევე დევნილები, აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის თავმჯდომარე ლონდერ ცაავა.