ირაკლი ალასანია და ქართველი ჯარისკაცები ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ

ირაკლი ალასანია და ქართველი ჯარისკაცები ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ.
ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე ქართველი სამხედროები საქართველოში შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს ვაგიფ აქპეროვს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ვაგიპ აქპეროვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მსგავსი შეხვედრა უპრეცენდენტოა, როდესაც ნატოს ფარგლებში ისლამის წარმომადგენლები, უშუალოდ საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლები, ჯარისკაცებს დალოცავენ და გაესაუბრებიან. მისივე განცხადებით, ქართველი სამხედროები დღეს ისლამის შესახებ მოისმენენ ლექციას და გაეცნობიან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებულ შეზღუდვებსა და ავღანელი ხალხის ადათ-წესებს.

ჯუმა მეჩეთში ქართველ სამხედროებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე.
როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში გამგზავრებამდე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ყველა ჯარისკაცი უნდა გაეცნოს მუსლიმური კულტურის ტრადიციებს.

"ჩვენ ავღანეთში ჩავდივართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ავღანურ საზოგადოებას და რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას. ამ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი კარგად გვეცოდინება მათი ტრადიციები. ჩვენს ჯარში არიან მუსლიმი ჩვენი თანამოქალაქე ჯარისკაცებიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

31-ე ბატალიონის სამხედროები როტაციის წესით მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ. 31-ე ბატალიონი ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას უკვე მეორედ მიიღებს. ავღანეთის მისიის შესრულება პირველად სწორედ ამ ბატალიონის სამხედროებმა 2010 წლის აპრილიდან დაიწყეს.

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ბატალიონი მისიას ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა ლაზერნეკზე განახორციელებს.