ქართველი ჟურნალისტების დღევანდელ აქციაზე გრიგორი კარასინი ფილიპ ლეფორს ესაუბრა

ქართველი ჟურნალისტების დღევანდელ აქციაზე გრიგორი კარასინი ფილიპ ლეფორს ესაუბრა

საქართველო უპასუხისმგებლოდ აგრძელებს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის გაღვივებას. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ ფილიპ ლეფორთან საუბრისას.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იუწყებიან, გრიგორი კარასინმა ევროკავშირის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს მოუწოდა, არ დაიშურონ ძალისხმევა ქართული ხელისუფლების ამ ახალი სახიფათო ჩანაფიქრის აღსაკვეთად.

"სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის ყურადღება დაეთმო ინფორმაციას, რომ 28 სექტემბერს ქართველი ჟურნალისტების მასობრივი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი სამხრეთ ოსეთის საზღვართან მდებარე სოფელ დვანში. აღინიშნა, რომ ამ აქციით ქართული მხარე უპასუხისმგებლოდ აგრძელებს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის გაღვივებას", - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, კარასინისა და ლეფორის საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია თავიდან იქნას აცილებული რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის დამღუპველი შედეგები, რომელზეც პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ.

ამასთან, რუსული მედია არაფერს წერს კარასინთან სატელეფონო საუბრისას სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის ფილიპ ლეფორის კომენტარის შესახებ.
დვანში დაგეგმილ ქართველ ჟურნალისტთა აქციას ეხმაურება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ დვანში დაგეგმილ ჟურნალისტების აქციას რეგიონში სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო "რეს"-ის ინფორმაციით, ჯოევმა წერილობით მიმართა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს და მოუწოდა მათ შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა 28 სექტემბერს დაგეგმილმა ქართველი ჟურნალისტების აქციამ ჟენევის მოლაპარაკებების მიერ გადადგმული ნაბიჯები რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით არ ჩაშალოს.

"მსგავსი აქციები სულ უფრო ხშირად იმართება ბოლო პერიოდში და მიმართულია როგორც ქართველი ხალხის, ისე საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. სინამდვილეში, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა და არც სუვერენიტეტი. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და სუვერენული უფლებების შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის ზოლის მარკირებას. ამასთან, სამუშაოები ხორციელდება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მიმართულია საზღვარზე სტაბილურობის შენარჩუნებისა და მისი უნებლიე დარღვევის აღკვეთისგან", - აღნიშნავს მურატ ჯიოევი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისთვის მიწერილ წერილში.