ირმა გიგანი - ზოგადი უნარები არაფერ შუაში არ არის მუსიკოსთან თუ მხატვართან

ირმა გიგანი - ზოგადი უნარები არაფერ შუაში არ არის მუსიკოსთან თუ მხატვართან

ზოგადი უნარები აბსოლუტურად არაფერ შუაშია მუსიკოსთან თუ მხატვართან, - ამის შესახებ პიანისტმა ირმა გიგანმა "კვირის პალიტრის" საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, იგი განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ემხრობა, რომლის თანახმად, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, თუ მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.

"მე ძალიან მომწონს და სრულიად ვემხრობი ამ კანონპროექტს. ზოგადი უნარები აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის მუსიკოსთან თუ მხატვართან. საქართველოში ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ბავშვები გვყავს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში გააქვთ ქვეყნის სახელი. ამ ბავშვებს წელიწადში შეიძლება ათასი კონცერტი, გამოფენა თუ სპექტაკლი ჰქონდეთ და ვეღარც მოასწრონ ზოგადი უნარებისთვის მომზადება. ამისთვის ელემენტარულად არ სცალიათ. მაშინ, როდესაც თავის სპეციალობას 100 ქულით აბარებენ, დამოკიდებული უნარებზე ხდებიან, რაც უსამართლობაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია, სწორად და პროფესიონალურად რომ გაიგეს ყველაფერი, ახალი კანონპროექტის შესახებ ვინც მიიღო გადაწყვეტილება", - აღნიშნა ირმა გიგანმა.
მისივე თქმით, ყოველდღიურად ძალიან ბევრი შრომა სჭირდება და 5 წლიდან კონცერტებს შეუჩერებლად მართავს, რის გამოც, ძალიან ბევრ რამეს ვერ ასწრებს.

"წელს, კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე ჩემი სპეციალობა 100 ქულით ჩავაბარე. ასეთ ბავშვებს, ვინც ასი ქულა ავიღეთ სპეციალობაში და დრო არ გვქონდა უნარებში მოსამზადებლად, პრობლემები შეგვექმნა. იქაც ორ ქულაზეა სულ საუბარი, რის გამოც, მეტად წარმატებულ ბავშვებს შეიძლება შეფერხება ჰქონდეთ. ამიტომაც გაიგზავნა წერილები კონსერვატორიიდან და სამხატვრო აკადემიიდან, აბსოლუტურად სწორი ახსნით. ზოგადი უნარები თან მხოლოდ საქართველოშია მისაღებ გამოცდებზე. მე პირადად ძალიან ბევრ მიწვევებს ვიღებ სხვადასხვა ქვეყნის კონსერვატორიიდან და ზოგადი უნარები უცხოეთში საერთოდ არ იციან, რა არის. ვინც თავის პროფესიას ას ქულაზე ასრულებს, ასახელებს ქვეყანას - საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, არ შეიძლება, სწავლის საშუალება არ ეძლეოდეს. ამიტომაც ძალიან დიდ მადლიერებას გამოვთქვამ, არა მარტო ჩემი სახელით, ბატონი ვანო კიღურაძის მიმართ", - აღნიშნა ირმა გიგანმა.
მისივე თქმით, ზოგადი უნარები "სასაცილოა, თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ ბარდება".

"წარმატებებსაც თუ არაფრად აგდებენ, ეგეც სასაცილოა უკვე. ახალი კანონპროექტი ძალიან კარგი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, რაც ნიჭიერი ბავშვების ხელშეწყობად შეიძლება ჩაითვალოს. მე პირადად ძალიან ბევრი მიწვევები მაქვს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩემი სურვილი იყო საქართველოს კონსერვატორიაში ჩამებარებინა, არაჩვეულებრივ პედაგოგთან, ქალბატონ - მანანა დოიჯაშვილთან", - აღნიშნა ირმა გიგანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა ის პირები დაასახელა, რომელთა გამოც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. როგორც რატიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ შორის არიან პიანისტი ირმა გიგანი და მომღერალი ბორის ბედია.

ამასთან, სერგო რატიანის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს პიანისტ ირმა გიგანის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ჩარიცხვას სთხოვდა. რატიანის განცხადებით, მას ხელთ აქვს ვანო კიღურაძის სახელზე სანიკიძის საპასუხო წერილი, სადაც მინისტრი აღნიშნავს, რომ დეპუტატი მას სთხოვს ირმა გიგანის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ჩარიცხვას, რადგან მან 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნარების მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, მაგრამ სხვა საგნებში აქვს უმაღლესი შეფასება.

ამასთან, მინისტრი წერილში აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ აღნიშნული გამონაკლისის დაშვება წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, რომელიც არის "სისხლის სამართლის კოდექსის" 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული მიმოწერა თარიღდება აგვისტოს თვით. მისივე ცნობით, ანალოგიური წერილი მაია მიმინიშვილის სახელზეც გაიგზავნა, რომელიც ასევე ამბობს, რომ გამონაკლისს ვერ დაუშვებს.