ვანო მერაბიშვილი ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილი ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ივანე მერაბიშვილი დღეს, 27 სექტემბერს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გეგმიური სამედიცინო გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. მას ჩაუტარდა ხერხემლის მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა და მუცლის ღრუს ორგანოების და ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია.

გამოკვლევების შედეგებზე მიხედვით, წინასწარი მონაცამებით ივანე მერაბიშვილს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საგანგაშო პრობლემა არ აღენიშნება და ექიმების განმარტებით მას რაიმე სახის ოპერაციული მკურნალობა არ ესაჭიროება.

გამოკვლევებმა დაადასტურა 6 სექტემბრის კონსილიუმში მონაწილე ექიმების დიაგნოზი, ხერხემლის სქოლიოზი. 6 სექტემბრის შემდეგ ბრალდებულმა წონაშიც მოიმატა.

ივანე მერაბიშვილს ა/წ 6 სექტემბერს ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა გაფართოებული კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური შეფასების მიზნით, რომელშიც მონაწილეობდა პაციენტის ნდობით აღჭურვილი ექიმიც. კონსილიუმის შეფასებით მას სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებოდა, თუმცა ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია დამატებითი ამბულატორიული რადიოლოგიური გამოკვლევების ჩატარებაზე, რის საფუძველზეც ბრალდებული პენიტენციური ჯანდაცვის ელექტრონულ პროგრამაში გეგმიური რეფერალის მიზნით დარეგისტრირდა და 27 სექტემბერს ეს გამოკვლევები გეგმიურად ჩაუტარდა.

პაციენტის გამოკვლევების შესახებ, სამედიცინო დასკვნები და დეტალური ინფორმაცია პენიტენციური სისტემის ექიმებს და ბრალდებულის მხარეს ორშაბათს გადაეცემათ.