მიხეილ სააკაშვილი - უკანონო

მიხეილ სააკაშვილი - უკანონო "გარაჟის" გარდა, მითხარით ვის რა დავუნგრიე

"ის არის სამართლიანობა, რომ უცხოეთში ხალხის გაშვება თურმე მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს?!", - ასე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონში" დაგეგმილ ცვლილებებს ”ტელეიმედის” გადაცემა "ღია ეთერში", ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირი ჩართვისას გამოეხმაურა.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, ასეთი რამე ჩრდილოეთ კორეის და რამდენიმე ქვეყნის გარდა არსად არ არის.

"მოდით, თავს ნუ ჩავიგდებთ სულელურ მდგომარეობაში. დღეს, როგორც არასდროს, ევროკავშირი მზად არის ჩაგვიხუტოს, იმიტომ, რომ მიხვდა რა არის რუსეთი. დღეს, როგორც არასდროს, გვაქვს შანსი ნატო-ში პროგრესს მივაღწიოთ. ამიტომ დღეს ამაზე არ უნდა გვქონდეს თავის ტკივილი. თუ ადრე იყო დემოკრატიის პრობლემები, რატომ მოხდა, რომ დღეს იღებს ამერიკის კონგრესი, სამწუხაროდ ამ თვეებში და კვირეებში რეზოლუციას, სადაც პირველად 10 წლის განმავლობაში გაკრიტიკებულია საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა. ნუთუ არ იყო ადრე საკრიტიკებელი?! რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ადრე თუ ეს ცალკე განცხადებები იყო, ახლა ამ განცხადებას იღებენ. შეგვიძლია სირაქლემას პოზიციაში დავდგეთ და ვთქვათ, 9 წელი ანგრევდნენ ქვეყანას. უკანონო "გარაჟის" გარდა, მითხარით ვის რა დავუნგრიე. იძახიან, რომ სულიერად დაგვანგრიეს და მოგვსპესო. კარგით რა ეხლა. ახლა უკვე დროა ორი ფეხით დავდგეთ მიწაზე",-განაცხადა პრეზიდენტმა.