დავით უსუფაშვილი - გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმოებული საქმის 3/4 ზურაბ ადეიშვილის გამოძიებულია

დავით უსუფაშვილი - გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმოებული საქმის 3/4 ზურაბ ადეიშვილის გამოძიებულია

გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმოებული საქმის 3/4 ზურაბ ადეიშვილის გამოძიებულია და თაროზე ედო - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია " რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" გააკეთა.

ამასთან, დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ ზურაბ ადეიშვილი კვალიფიციური იურისტი და კარგი ჩინოვნიკი იყო. მისი თქმით, ის 1994 წლიდან 2003 წლამდე ყველაზე უფრო პროდუქტიული იურისტი იყო პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, რომელმაც "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" დაწერა და რომლის გარეშე მიხეილ სააკაშვილი ნაბიჯს ვერ დგამდა, რადგან ყველაფერი იცოდა.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის ქონებრივ მდომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას, უსუფაშვილი აცხადებს, რომ "მას ადეიშვილის მილიონები არასდროს დაუთვლია, მაგრამ სჯერა, რომ ამგვარ საქმეებში არანაკლებად გასვილი იყო ვინმეზე".

"არც იმას გამორიცხავ, რომ მართლა იმგვარ პირობებში ცხოვრობდა, რაზეც არის საუბარი. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ან მილიონები არ ჰქონდა, ან კორუფციაში არ ჰქონდა ფეხი ჩაბიჯებული. მეტიც, მე რომ მკითხოთ, მთელი დანაშაულებრივი სისტემა... გიგი უგულავს წინააღმდეგ გამოძიება რაც მიდის, ჩემი ინფორმაციით, 3/4 ზურაბ ადეიშვილის გამოძიებულია და თაროზე ედო, ყველა დანარჩენზე კიდევ... ანუ მართლა ხელში ეჭირა ძალიან ბევრი რამ და ვინმე. იყო ის ასეთი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უსუფაშვილმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელში არა მხოლოდ ადეიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილიც არანაკლებად კარგი პოლიტიკოსი იქნებოდა. "სანამ სააკაშვილი ჟვანიას ხელში იყო, საკმაოდ კარგ რამეებს აკეთებდა. მხოლოდ თვითონ რომ დარჩა და სხვები ჩაიგდო ხელში თუ ჯიბეში, მერე აურია", - დასძინა მან.