მიხეილ სააკაშვილი - ერთი სროლის გარეშე დავკარგეთ მეტი სახნავ-სათესი, ვიდრე დიდი ომის შედეგად

მიხეილ სააკაშვილი - ერთი სროლის გარეშე დავკარგეთ მეტი სახნავ-სათესი, ვიდრე დიდი ომის შედეგად

ბოლო კვირეებსა და თვეებში უფრო მეტი სახნავ-სათესი დავკარგეთ, ვიდრე იყო ქურთაში და თამარაშენში ერთად აღებული ისე, რომ მსოფლიოს საერთოდ არაფერი გაუგია, ახლა ავმოძრავდით, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საკმაო ხანი არავის დაუძრავს სიტყვა, არც ერთ ტრიბუნაზე. "აღარ ვლაპარაკობ პრეზიდენტ ობამაზე, ჯონ კერიზე, ნატო-ს გენერალურ მდივანზე, რომელთაც მე აქ, ნიუ-იორკში ვესაუბრე. ეს მანქანა ყველამ ერთად უნდა ავაწყოთ, რომ მუდმივად საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს მზად", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, გაერო-ში მისი გამოსვლის არსი იყო ძალიან მარტივი - ეს არ არის მარტო საქართველოს, არამედ ეს არის მოლდოვას, უკრაინის, პოლონეთის, ბალტიის ქვეყნების, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ბრძოლა.

"ჩვენი მტერი რას გვეუბნება - ყველას გაეთიშეთ, ყველას გადაეკიდეთ. იქ აზერბაიჯანთან სასაზღვრო პრობლემები გაქვს, იქ სომხებთან სხვა პრობლემები გაქვთ, თურქეთი არაერთმორწმუნეა და პირიქით, უნდა გადაემტეროთ. იქ, რა გინდათ ევროპაში, მოდი ჩემთან. არ არსებობს არც ერთი კონკრეტული შემთხვევა, როცა რომელიმე მეზობელმა, ცალკე, იზოლირებულმა და სუსტმა დაალაგა რუსეთთან ურთიერთობა ისე, რომ რუსეთმა ის არ შეახრამუნა", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა გამოიმუშაოს საერთო პოლიტიკური ხედვა, მეორეს მხრივ კი უნდა ესმოდეს ყველას იმის საფრთხე, როდესაც "შიგნით ვკინკლაობთ", არის თემები, რომლებზეც "არ უნდა წაგვიცდეს არც ფეხი და არც ხელი".

"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. თუ ჩვენ მდუმივად გავუმეორებთ დასავლურ პრესას, რომ ომი ჩვენი ბრალი იყო, რომ საქართველო არის უმნიშვნელო ქვეყანა, ეს ურტყამს ქვეყანას. ერთი სროლის გარეშე დავკარგეთ ხალხნო მეტი სახნავ-სათესი, ვიდრე დიდი ომის და დიდი საერთაშორისო ფასის შედეგად, რომელიც რუსებმა გადაიხადეს. დღეს რა ფასი გადაიხადეს - ნული. აქედან რომ გამოვიდეთ, ერთმანეთს ის არ უნდა ვახსენოთ, რომ თქვენ 7, 8 10 წლის წინ ქვეყენას ანგრევდითო",-აღნიშნა სააკაშვილმა.