დავით უსუფაშვილი - პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, კოალიცია ფორმითაც და შინაარსითაც სხვაგვარი იქნება

დავით უსუფაშვილი - პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, კოალიცია ფორმითაც და შინაარსითაც სხვაგვარი იქნება

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, კოალიცია "ქართული ოცნება" სხვაგვარი იქნება ფორმითაც და შინაარსითაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"კოალიცია თავისი ფორმით სწორედ ახლა გახდება რეალური კოალიცია, სადაც კოალიციის პარტნიორებს მკაფიოდ აქვთ გააზრებული რაზე ვართ შეთანხმებული, რას ვაკეთებთ ერთად და რაზე ვერ ვთანხმდებით და ამიტომ არ ვკიდებთ ხელს. ივანიშვილის ლიდერობის შემთხვევაში, სადღეისოდ, მისი ფაქტორი იყო გადამწყვეტი: - ჩვენ გვქონდა საშუალება შეთავაზების, კამათის, საუბრის, მაგრამ ყველა იმ განწყობით იყო, რომ აი, მე და შენ თუ ვერ ვთანხმდებით, ბატონ ბიძინას ვეტყვით და ის როგორც იტვის, ისე იქნება. უკვე ხვალ კოალიცია თავისი წესებით მართლა კოალიცია გახდება, იმიტომ, რომ მე და შენ თუ ვერ შევთანხმდებით, სადმე კი არ წავალთ, რომ ლიდერმა გადაწყვიტოს, გვექნება მექანიზმი - ეს არის კენჭისყრა, კომპეტენციების გამიჯვნა, ანუ ვემსგავსებით იმ მრავალპარტიულ, დაბალანსებულ ერთობას, რომელიც საჭირო და სწორია ქვეყნის მართვისთვის", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე აზრით, "ეს რთულია, საქართველოში პირველად ხდება, მაგრამ იმან, რაც აქამდე ხდებოდა, კრახი განიცადა".