დავით უსუფაშვილი - პრემიერის კანდიდატურა საზოგადოებისთვის სუპერშოკისმომგვრელი სიურპრიზი არ იქნება

დავით უსუფაშვილი - პრემიერის კანდიდატურა საზოგადოებისთვის სუპერშოკისმომგვრელი სიურპრიზი არ იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირწმუნება, რომ პრემიერ-მინიტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შემცვლელი ჯერ შეთანხმებული არ არის და კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ კონტექსტში უსუფაშვილი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ "კანდიდატურა საზოგადოებისთვის სუპერშოკისმომგვრელი სიურპრიზი არ იქნება".

რაც შეეხება მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მისი შესაძლო წარდგენის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, უსუფაშვილი აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა არ განიხილებოდა და არც უნდა განიხილებოდეს, რადგან ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე აქვს.

ამასთან, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა "პოზიციაში" პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის და განაცხადა, რომ ახალი მოდელი განამტკიცებს იმას, რაც ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დე-ფაქტოდ ხდება, ანუ ის, რომ წამყვანი პოლიტიკური პირი კონსტიტუციურად იქნება პრემიერ-მინისტრი და არა - პრეზიდენტი.

"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ერთის მხრივ კონსტიტუცია შევა ძალაში და მთავრობა ავტომატურად გადადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ინაგურაციის დღიდან გადამდგარად ითვლება, მაგრამ მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. შვიდი დღის განმავლობაში თავად საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეარჩიოს პრემიერობის კანდიდატი და პრეზიდენტს წარუდგინოს, რის შემდეგაც მთავრობა პარლამენტში დასამტკიცებლად შემოვა", - განმარტა უსუფაშვილმა, რომლის თქმითაც, "კოალიცია სათანადო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას გამოავლენს და შემდგომში კოალიციური ცხოვრება უფრო საინტერესო იქნება".

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი მართალია საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან, რადგან მას აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა არ მიუღია და ამაზე პოლიტიკაში შემოსვლისას ისაუბრა.

"ეს გადაწყვეტილება მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მიხარია თუ არ მიხარია, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ არ მიხარია, რადგან ამ შემთხვევაში, პირადად მე თავს ვგრძნობ ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული პარტნიორის გარეშე ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მისიანად ჩვენ ვიყავით უფრო ბევრნი, უფრო ძლიერნი და უფრო იმედიანნი. ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ მალე წავიდოდა, ნაკარნახევი იყო იმით, რომ თუ ის ზედმეტად მეტად დარჩებოდა ხელისუფლებაში, გველოდა ის, რაც დაემართა ყველა მმართველ გუდს საქართველოში, როდესაც მთელი გუნდი ერთი კონკრეტული ადამიანის იმედად იყო", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.