ირაკლი შიხიაშვილი:  27 ოქტომბრამდე თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას კანონი კრძალავს

ირაკლი შიხიაშვილი: 27 ოქტომბრამდე თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას კანონი კრძალავს

27 ოქტომბრამდე თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას კანონი კრძალავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოს დღევანდელი ხმაურიანი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს უმცირესობის წევრებისა და თბილისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც ბინათმენაშენეთა ამხანაგობების პროგრამების ბიუჯეტს ეხებოდა. მისი თქმით, საკრებულოს უმცირესობის წევრ მამუკა ახვლედიანს შეუძლია ეს თემა საკუთარი ფრაქციის სხდომაზე დააყენოს.

შიხიაშვილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან თბილისის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების დაფინანსების ახალი წესის დამტკიცების შემდეგ შეიძლება. მისივე თქმით, 27 ოქტომბრამდე კი თბილისის ბიუჯეტში ცვლილებას არა შიხიაშვილი, არამედ კანონი კრძალავს.

საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა თბილისის ბიუჯეტის საკითხებზე დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია და აღნიშნა, რომ თბილისის მერმა უნდა დაამთავროს "ეს მასკარადი და ცირკი". შიხიაშვილმა გიგი უგულავა საზოგადოების დაპირისპირებაშიც დაადანაშაულა.

დღეს საკრებულოს შენობის წინ გამართულ აქციაზე საკრებულოს უმცირესობის წევრმა მამუკა ახვლედიანმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა საკრებულოში 10 დღეში გაიმართება და თბილისის მერია ბინათმენაშენეთა პროგრამების ბიუჯეტს გაზრდის.