ირმა გიგანის გარდა, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილების შეტანას მომღერალ ბორის ბედიას გამოც ითხოვენ

ირმა გიგანის გარდა, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილების შეტანას მომღერალ ბორის ბედიას გამოც ითხოვენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა ის პირები დაასახელა, რომელთა გამოც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. როგორც რატიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ შორის არიან პიანისტი ირმა გიგანი და მომღერალი ბორის ბედია. 

"ამ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელწმიფო კონსერვატორიამ და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიამ მომართეს. სამხატვრო აკადემია თამაზ დონაძის, დავით თომაშვილის, დავით მამაგულიშვილისა და ანა შანიანის მოხვედრას ითხოვს უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო კონსერვატორია - ირმა გიგანის, ბორის ბედიას, ხატია კიკნაძისა და დავით დარბანიანის. რაც შეეხება ივანე კიღურაძის განცხადებას, რომ ამ მოსწავლეთა რაოდენობა 17-ს შეადგენს, არ ვიცი და ამას მოვიკითხავ", - აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა, სერგო რატიანმა განუცხადა, კანონპროექტის მიღების კატეგორიული წინააღმდეგია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვება ანგრევს განათალების სისტემას და ქმნის კორუფციის საფუძველს.

სერგო რატიანის აზრით, კანონპროექტი აბსრუდულია, რადგან ქმნის თეორიულ შესაძლებლობას, უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხოს ადამიანი, რომელიც არა თუ ვერ გადალახავს მინიმალურ ზღვარს, არამედ საერთოდ არ იცის ქართული ენა.

განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, თუ მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შედის, რომელიც განათლების და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა მოამზადა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ დადგინდება სასწავლო გრანტით დაფინანსების წესი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს.

გარდა ამისა, კანონს უკუძალა მიეცემა და სასწავლებლებში სწავლის უფლება შეუნარჩუნდებათ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და, მათი განსაკუთრებული ნიჭის მიუხედავად, სწავლის უფლების გარეშე დარჩნენ.