დენის ყვარელაშვილი, როგორც პაციენტი, ექიმებთან არ თანამშრომლობდა

დენის ყვარელაშვილი, როგორც პაციენტი, ექიმებთან არ თანამშრომლობდა

2013 წლის 27 სექტემბერს მსჯავრდებული დენის ყვარელაშვილი გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ დენის ყვარელაშვილს ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში გაუწია შუამდგომლობა შეწყალებაზე, რაზეც მან პირადი მოტივების გამო უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ, ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა არაერთხელ სცადეს მისი დარწმუნება.

პაციენტს ჩატარებული აქვს ჯანმრთელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაც, სადაც მისი მდგომარეობა ექსპერტებმა არ შეაფასეს როგორც „მძიმე“, ამის გარეშე კი მას სასამართლო სასჯელს არ გადაუვადებდა. ექსპერტიზა ჩაატარა სამხარაულის სახელობის ეროვნულმა ბიურომ, რომელიც დამოუკიდებელი სტრუქტურაა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ორგანიზებით, პაციენტი 8-ჯერ იყო გაყვანილი სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის კლინიკებში, მათ შორის ბოლოს, 2013 წლის 24 სექტემბერს დიაგნოსტიკური გამოკვლევის მიზნით.

მისი სტაციონირების მიზეზი არაერთხელ გამხდარა ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესება, რაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ექიმის მიერ არაერთხელ არის წერილობით დაფიქსირებული სამედიცინო ისტორიაში. კერძოდ, მან არაერთხელ განაცხადა უარი დაბინძურებული ცენტრალური ვენის კათეტერის ამოღებაზე, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ხოლმე ცხელების ეპიზოდები, ინფექციური გართულებები და შემდგომ უკვე პაციენტის პრეტენზიები არაადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ისტორიაში მოიპოვება ოქმებიც, სადაც ექიმ-ინფექციონისტების მიერ დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპიის კურსებზე პაციენტი უარს აცხადებს, ასევე ოქმები სადაც ის უარს აცხადებს სისხლის ნიმუშების აღებაზე და დაჟინებით ითხოვს მორფის ინექციებს.

ჯანმრთელობის გაუარესების აღნიშნული ეპიზოდების პარალელურად, იგი სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდა.

სამედიცინო ისტორიაში არსებობს ექიმთა მიერ შედგენილი აქტებიც, სადაც ის სამედიცინო სტაციონარიდან ითხოვდა გაწერას, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ექიმების რეკომენდაციებს. მისთვის კომპლექსური დახმარების გაწევის მიზნით არაერთხელ ჩატარებულა ექიმთა კონსილიუმებიც.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების და რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად მსჯავრდებულის გადარჩენა ამჯერად ვერ მოხერხდა. იგი 2013 წლის 27 სექტემბერს, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გვამს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენს.

სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.