საერთაშორისო კონფერენციაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს განიხილავენ

საერთაშორისო კონფერენციაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს განიხილავენ

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პრინციპის ამოქმედება კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მათ შორის გამოსაცდელი ვადა, რომელიც უვადოდ დანიშვნამდე მოსამართლეს უნდა დაუწესდეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამოსაცდელი ვადის წინააღმდგეგია. მისი შეფასებით, მოსამართლისთვის სამწლიანი ვადა მოსამართლის საქმიანობის დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავს.

"ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ სამი წლით დანიშნული მოსამართლე ყოველ წელს უნდა აკოტროლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, შემდეგ კი შეიძლება, საერთოდ საერთოდ არ დაინიშნოს ასეთი მოსამართლე. ფაქტობრივად, მთლიანად ირღვევა დამოუკიდებლობის პრინციპი", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ საუბარი ჰქონდა რამდენიმე ადვოკატთან, რომლებიც აცხადებენ, რომ აცილებას მისცემენ სამი წლით დანიშნულ მოსამართლეს.

კუბლაშვილის თქმით, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ სამი წლით დანიშნულ მოსამართლეს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკონტროლებს, დიდი ალბათობით არ ექნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

"სამი წლით გამოსაცდელი ვადა კონსტიტუციაში მითითებულია შესაძლებობად და არა - ვალდებულებად. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კუთხით ერთსულოვნად ამბობენ, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ამას ვამბობთ ჩვენ და ამას ამბობს ვენეციის კომისია. თავის დროზე კონსტიტუციაში ეს რომ ჩაიდო, წინა ხელისუფლების შეცდომა იყო, ჩვენ კი ყოველთვის გვქონდა პოზიცია, ჩვენ გვაქვს შერჩევის განსხვავებული სისტემა - იუსტიციის უმაღლესი სკოლა ამზადებს კანდიდატებს", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება. კონფერენციაში მონაწილეობენ 200-ზე მეტი ქართველი

მოსამართლე, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, დონორი და აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში გაიმართება 12 პლენუმი სხვადასხვა თემებზე.
კონფერენციის გახსნას ესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც.