"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობა აღდგეს"

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ სოხუმის დაცემის ოცი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო ბურჯანაძემ პირველ რიგში, მთელ საქართველოს მიუსამძიმრა.

"დღეს საქართველოს ისტორიაში ძალიან ტრაგიკული, მართლაც ძალიან მტკივნეული და მძიმე დღეა. უპირველეს ყოვლისა, სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ. ვუსამძიმრებ იმ ადამიანებს, იმ უამრავ დედას, რომელთა შვილები ამ ომში გმირულად დაიღუპნენ. შემიძლია, ვთქვა, რომ მართლაც საოცარი მაგალითი ვნახე გმირთა სასაფლაოზე, როდესაც ქართველ დედებს თავიანთი შვილების საფლავების გვერდით აფხაზი ბიჭების სურათები აქვთ. მინდა, ყველა დედას – ქართველსაც და აფხაზსაც მივუსამძიმრო დღევანდელი დღე და ვთქვა, რომ საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს ძმათა მკვლელი ომი. არ უნდა განმეორდეს ის ტრაგედია, რაც იყო. უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთს ვაპატიოთ, უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მართლაც აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის. აღარასდროს იყოს ის ტრაგიკული დღეები და ჩვენ შევძლოთ ღირსეულად ერთმანეთის გვერდით ცხოვრება, ისევე, როგორც ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, გონივრული ნაბიჯებით ამას აუცილებლად მივაღწევთ. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ყველა დაღუპული გმირის წინაშე, მათი და მათი ოჯახების წინაშე ვალში ვარ. საქართველომ თავის ღირსეული შვილები არასდროს უნდა დაივიწყოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ამ დღესთან დაკავშირებით, ერთი დღით საარჩევნო კამპანია შეაჩერა.