"ოცი წლის წინ საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, სოხუმზე შეტევა და მისი დაცემა აეცილებინა"

ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სოხუმის დაცემის ოცი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

"დღევანდელ დღეს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ოცი წლის წინ მე სოხუმში ვიყავი, მაშინ "ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის~ კონფერენციის, მომავალში ეუთო-ს წევრი ვიყავი. 1993 წლის აგვისტოში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მაშინდელმა პრეზიდენტმა გვთხოვა, შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გავცნობოდით, გვთხოვა, შეგვეფასებინა ის გარდაუვალი საფრთხე, რომელიც ქალაქს ემუქრებოდა და დავხმარებოდით საფრთხის თავიდან აცილებაში. სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ სოხუმზე შეტევა და მისი დაცემა თავიდან აგვეცილებინა", - განაცხადა ნორლანდამა.

ამერიკის ელჩის თქმით, მის პირად ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ოცი წლის შემდეგ ვითარების ნორმალიზება მოხდეს.

"ეს ნორმალიზება უნდა დავიწყოთ ჰუმანიტარული კავშირებით, როდესაც ადამიანებს ხელოვნური ბარიერებით აღარ გაყოფენ, ამათ ექნებათ საშუალება წინაპართა საფლავები მოინახულონ და მიწის ნაკვეთები დაამუშავონ. იმედი მაქვს, საზღვრის გადაწევის პროცესი დასრულდება და ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესს მივაღწევთ. დღეს ჩემი ფიქრი იმ ადამიანებს შეეხება, ვინც ოცი წლის წინანდელი კონფლიქტის დროს საკუთარი საცხოვრებელი დაკარგეს", - განაცხადა ნორლანდამა.