ნუგზარ წიკლაური:  სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა, ოკუპანტ ქვეყანასთან ლაქუცად ჩაითვლება

ნუგზარ წიკლაური: სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა, ოკუპანტ ქვეყანასთან ლაქუცად ჩაითვლება

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან უთავმოყვარეო ლაქუცად ჩაითვლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. 

აღნიშნული კომიტეტები დღეს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს უსმენდნენ.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ქართველი ოლიმპიელების გავლა "რუსეთის კაგებეს ოფიცრის და ქართველების მვკლელის წინ", უდიდესი შეურაცხყოფაა, როგორც გარდაცვლილებების, ასევე იმ ასობით ათასი ადამიანის, რომელიც დღეს აფხაზეთში, თავიანთ სახლებს ვერ უბრუნდება.

"მე კარგად მახსოვს 20 წლის წინ, როგორ ჩამოვიდა დამცირებულ და დანგრეულ საქართველოში გრაჩოვი და როგორ მონათლეს აქ ჩვენებმა. ეს იყო მართლა ღირსების აყრა ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე იქნება სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენი მონაწილეობა და ჩაითვლება უთავმოყვარეო სერვილიზმად. უთავმოყვარეო ლაქუცად ოკუპანტ ქვეყანასთან, რაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არ იქნება კარგი და სახარბიელო", - განაცხადა წიკლაურმა.