ქვეყნიდან გასვლაზე ახალი შეზღუდვის შემოტანით, კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის

ქვეყნიდან გასვლაზე ახალი შეზღუდვის შემოტანით, კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის

საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გასვლაზე კანონში ახალი შეზღუდვის შემოტანით, კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. 

საუბარია "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე უარი შეიძლება ეთქვას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხიების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამჟამად მოქმედი კანონი ამგვარი უარის თქმის საფუძველად "პირის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნას ან მის მიერ ყალბი და ძალის არმქონე საბუთების წარდგენას" ცნობს.

"კანონში "სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების" დებულების შემოტანით ახალი არაფერი არ იდება. ამ მხრივ სიტყვა-სიტყვით გადმოდის ის, რაც დღეს კონსტიტუციაციაში წერია და კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. ამასთან, თუკი საკითხის განხილვისას მიიჩნეულ იქნება, რომ აღნიშნული ნორმა დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა.

ცნობისთვის, კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია, თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამასთან, კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.