საერთაშორისო ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა თავიდან აგვეცილებინა სოხუმის დაცემა

საერთაშორისო ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა თავიდან აგვეცილებინა სოხუმის დაცემა

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარ ნორლანდი იმედოვნებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის გავლების პროცესი დასრულდება და ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესი იქნება მიღწეული. 

ნორლანდმა სოხუმის დაცემიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და აღნიშნა, რომ 20 წლის შემდეგ ვითარების ნორმალიზაცია მისი პერსონალური ინტერესია.

"დღევანდელ დღეს, პერსონალურად ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 20 წლის წინ ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის კონფერენციის დელეგაციის შემადგენლობაში მე ვიყავი სოხუმში. 1993 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გვთხოვა, სოხუმში ჩავსულიყავით და ადგილზე გავცნობოდით შექმნილ ვითარებას. მან გვთხოვა, შეგვეფასებინა გარდაუვალი საფრთხე, რომელიც ქალაქს ემუქრებოდა, დავხმარებოდით ამ ქალაქს საფრთხის თავიდან აცილებაში, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა, თავიდან აგვეცილებინა სოხუმზე შეტევა და მისი დაცემა. ჩემი პერსონალური ინტერესია, 20 წლის შემდეგ ვითარების ნორმალიზაცია, რომელიც უნდა დაიწყოს ჰუმანიტარული კავშირებით, როდესაც ადამიანებს აღარ ყოფენ ხელოვნური ბარიერებით, როდესაც ადამიანებს აქვთ საშუალება, მოინახულონ წინაპართა საფლავები და დაამუშაონ თავიანთი მიწის ნაკვეთები. იმედი გვაქვს, საზღვრის გავლების პროცესი დასრულდება და ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესს მივაღწევთ", - განახცადა ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, "დღეს ჩვენი ფიქრი იმ ადამიანებს დასტრიალებს თავს, რომლებსაც 20 წლის წინანდელმა კონფლიქტმა საყვარელი ადამიანები დააკარგვინა და თავიანთი მიწაწყლის იძულებით დატოვება მოუხდათ."