"ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს ხორცი შეესხას"

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მისასალმებელი და საპატიოა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თაოსნობით საქართველოში ტარდება სიმპოზიუმი, რომელიც ეხება ევროკავშირთან თანამშრომლობას სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის სფეროში.

ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ დღეს შესაძლებლობა გვაქვს ერთად განვიხილოთ ჩვენი ქვეყნისა და საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის აქტუალური საკითხები.

პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები უწევენ საქართველოს, დემოკრატიული განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე.
საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია, მივაღწიოთ პოზიტიურ ცვლილებებს რეგიონში. ჩვენი ამოცანაა, განვამტკიცოთ მშვიდობა, გზა გავუხსნათ მდგრად დემოკრატიულ განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შევძლოთ იმ უდიდესი პოტენციალის სრულად გამოყენება, რომელიც ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს აქვს.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ ააქვს.

ჩვენს ხალხს კარგად ესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას.

ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს ამ არჩევანს ხორცი შეესხას, რათა შენარჩუნდეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა.

საქართველო განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიური პოლიტიკის გატარებას და ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერას.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ კი, დასავლელი პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა.

საქართველოს ახალ მთავრობას გაცხადებული აქვს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და შესაბამისად, დაგეგმილი აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გასატარებელი რეფორმები. ამ მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი შეუქცევადია.

სწორედ ეს კონტექსტია დღევანდელი სიმპოზიუმის თემაც, რომელიც ეხება ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის სფეროში.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ამერიკის ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის, გერმანიის ეკონომიკის და ექსპორტის კონტროლის სააგენტოს, ევროკავშირის ექსპერტებისა და საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს კანონპროექტი ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ".

ჩვენმა მთავრობამ საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა აღნიშნული კანონპროექტი და მიმდინარეობს საკომიტეტო განხილვა.

ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის ამოქმედებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვაზე ეროვნული კონტროლის დაწესების გზით; საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა გაერო-ს ფარგლებში არსებული ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტის და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის განახლებული ნუსხების მიღებით საქართველო შეასრულებს 2013 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამით აღებულ ვალდებულებას, რომელიც სწორედ ამ კანონის მიღებას და მოდერნიზებული ნუსხების დამტკიცებას ითვალისწინებს. ჩვენი ქვეყანა შეასრულებს აგრეთვე 2004 წლის უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, ნატო-ს ყოველწლიური სამოქმედო გეგმით გათვალსიწინებულ ვალდებულებას და ამერიკა-საქართველოს სტარტეგიული ქარტიის დანაწესებს.

ჩვენ რეალისტები ვართ და კარგად გვესმის, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ეტაპობრივი პროცესია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს და მზად ვართ, განვაგრძოთ ეს გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.