პაატა ზაქარეიშვილი:  რუსეთს საქართველოს ხელისუფლების გამოწვევა სურს

პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთს საქართველოს ხელისუფლების გამოწვევა სურს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების გამოწვევად აფასებს. 

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, 2008 წელს დაწყებული საოკუპაციო ხაზის გავლება გრძელდება. სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირდება. კერძოდ, როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური კონტექსტის არარსებობის შემთხვევაში, რუსეთი საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესს აჩერებს.

"ახლა კი საპრეზიდენტო არჩევნები და ვილნიუსის სამიტია, რომელზეც საქართველომ სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგას ევროკავშირისკენ. რუსეთს სურს, გამოიწვიოს საქართველოს ხელისუფლება, ვუპასუხოთ აგრესიაზე აგრესიით, რათა ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი პერსპექტივები ევროპაში, რომლითაც უფრო იოლი იქნება არა მხოლოდ დვანისა და დიცის, არამედ მთელი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარება.მოვუწოდებთ ყველას, შევინარჩუნოთ სიმტკიცე. ჩვენ ვმუშაობთ იმ ხალხის ბედზე, ვინც აღნიშნულ რეგიონებში ზარალდება. ჯობს ამ რეგიონებში მცხოვრებ ათეულობით ადამიანების ბედზე ვიფიქროთ, ვიდრე ქვეყანას დავუკარგოთ პერსპექტივები, როგორც ეს 2008 წელს მოხდა", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.