ემი ვაინჰაუსი დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

ემი ვაინჰაუსი დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

ცნობილი მომღერლის ემი ვაინჰაუსის უკანასკნელი ალბომი “Lioness: Hidden Treasures”, დიდ ბრიტანეთში წინა კვირის მუსიკალური ალბომების ჩართის სათავეში მოექცა.

 

ეს სტუდიური ჩანაწერი მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. მან დღის სინათლე მიმდინარე წლის 5 დეკემბერს იხილა.

 

ალბომში შესული კომპოზიცია “Our Day Will Come” ბრიტანულ ჰიტ-პარადში 29-ე საფეხურზე აღმოჩნდა.

 

საინტერესოა, რომ თითოეული გაყიდული ალბომიდან შემოსული ერთი ფუნტი სტერლინგი ჩაირიცხება მომღერლის მამის, მიტჩ ვაინჰაუსის მიერ ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე. ეს ორგანიზაცია ემი ვაინჰაუსის სახელს ატარებს და მოზარდებს პირადი ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში ეხმარება.

 

მიმდინარე წლის 23 ივლისს, 27 წლის ემი ვაინჰაუსი, ჩრდილოეთ ლონდონის უბან კემდენში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ექიმების ვერდიქტით, ვაინჰაუსის სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მიღება და ამისგან გამოწვეული მოწამვლა გახდა.

 

მუსიკოსს თავის დროზე ორი სტუდიური ჩანაწერი ჰქონდა გამოშვებული. “Frank”-მა დღის სინათლე 2003 წელს იხილა, “Back To Black” გაყიდვაში 2006 წელს გამოვიდა.