რიჩარდ ნორლანდი და ევროკავშირის დელეგაცია სიმპოზიუმს მასპინძლობენ

რიჩარდ ნორლანდი და ევროკავშირის დელეგაცია სიმპოზიუმს მასპინძლობენ

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ევროკავშირის დელეგაცია, საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სიმპოზიუმს მასპინძლობენ. 

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" მიმდინარე ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

სიმპოზიუმზე, ექსპორტის კონტროლის კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტი აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის ექსპორტის კონტროლის ფედერალური სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

ექსპორტის კონტროლის კანონპროექტი, რომელსაც ოქტომბერში დაამტკიცებენ, ოთხწლიანი საერთაშორისო ძალისხმევის შედეგია. კანონის მიზანია მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს დაახლოება, აგრეთვე ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.

აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, რომელთა დაცვის აუცილებლობა აღნიშნულია 2009 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში.