ირაკლი ალასანია - NDI-ს რეიტინგმა სხვა მინისტრებს გული არ უნდა დაწყვიტოს

ირაკლი ალასანია - NDI-ს რეიტინგმა სხვა მინისტრებს გული არ უნდა დაწყვიტოს

NDI-ს რეიტინგმა სხვა მინისტრებს გული არ უნდა დაწყვიტოს, მომავალში ისინი იქნებიან პირველები, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მისი და საქართველოს ჯარის მაღალი რეიტინგი, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ქართველი ხალხის ნდობას მეომრებისადმი და იმ გმირობისადმი, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში იჩენენ.

"რაც შეეხება პირველობას, გული ნურავის დაწყდება. მომავალში სხვა მინისტრი იქნება პირველ ადგილზე, ამიტომ ეს რეიტინგი გულდასაწყვეტი არავისთვის უნდა იყოს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

NDI-ს კვლევის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ხოლო ინსტიტუციებისადმი ნდობის რეიტინგში საქართველოს ჯარი ლიდერობს.

თავდაცვის მინისტრი NDI-ს იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 31% საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ეეჭვება არჩევნებში მეორე ტური გახდეს საჭირო.

"მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, იგი დაიცავს ქართულ ჯარს და შეიარაღებულ ჯარებს პოლიტიზაციისგან", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.