პატრიარქი ქართველებისა და აფხაზების შერიგებისთვის ილოცებს

პატრიარქი ქართველებისა და აფხაზების შერიგებისთვის ილოცებს

ჯვართამაღლებისა და აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს, ახლად დაწერილი ხატით - "ყოველთა მწუხარეთა სიხარული", გმირთა მოედნიდან სამების ტაძრისკენ მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მსვლელობის ორგანიზატორებმა აცნობეს, ხატი - "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების 20 წლისთავთან დაკავშირებით დაიწერა.

დღეს, 09:00 საათზე, გმირთა მოედანზე, ხატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დააბრძანებენ. 10 საათიდან კი სამების საკათედრო ტაძრისკენ ხატით მსვლელობა დაიწყება (მარშრუტი: გმირთა მოედანი-ვარაზის ხევი-მელიქიშვილი-რუსთაველი-თავისუფლების მოედანი-პუშკინის ქუჩა-ავლაბრის აღმართი-სამების საკათედრო ტაძარი).

სამების საკათედრო ტაძარში უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა აკურთხებს ხატს, რომელიც აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგებისათვის მლოცველთათვის დაიწერა. უწმიდესი და უნეტარესი ქართველებისა და აფხაზების შერიგებისათვის ილოცებს და აფხაზეთში 1990-იან წლებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.