სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ხვალ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ხვალ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა პროფესიული განვითარების თემაზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", ხვალ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (USAID) აცნობეს, კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით იმართება. მას აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ორასზე მეტი ქართველი მოსამართლე, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, დონორები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი ორთვინ ჰენიგი, ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კატარინა ბოლონეზე და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ინიტა პაულოვიჩა.

კონფერენცის ორგანიზატორები არიან: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (JILEP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა (IRZ), ევროკავშირის სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროექტი (EUCJR), ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG), გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროპის საბჭო (COE).

"ეს პირველი მასშტაბური კონფერენციაა, სადაც ყველა მოსამართლეს ეძლევა საშუალება მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კოლეგებთან და წამყვან მოსამართლეებთან დისკუსიაში. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის განხილვისას", - აცხადებენ ორგანიზატორები.