რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ანდრეი ილარიონოვმა მიხეილ სააკაშვილის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას დიდებული ადამიანის დიდებული სიტყვა უწოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას სიუჟეტი მიუძღვნა.
როგორც სიუჟეტის ავტორი ტიმურ ალევსკი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილის გაერო-ში გამოსვლამდე რჩევები სწორედ ანდრეი ილარიონოვმა მიაწოდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ახლო მეგობარია და რამდენიმე კვირის წინ მასთან ერთად იმყოფებოდა ყაზბეგის მთებში.
"არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ყაზბეგის მთებში ერთად ყოფნის დროს ურჩია ანდრეი ილარიონოვმა სააკაშვილს როგორ უნდა გამოსულიყო და მიაწოდა კიდეც ასამბლეაზე წარმოსათქმელი სიტყვის რაღაც მონახაზი. საიდუმლო არ არის, რომ ანდრეი ილარიონოვი მანამდეც უწევდა კონსულტირებას სიტყვით გამოსვლების წინ მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, სააკაშვილის მიერ გაერო-ში წარმოთქმული სიტყვის წაკითხვისას, იმასაც ხვდები, რომ ეს სიტყვა იმდენად ემთხვევა მის ტემპერამენტს, არ არის გამორიცხული, ეს გამოსვლა თვითონ მისი დაწერილი ყოფილიყო. საქართველოს პრეზიდენტმა არ დაიშურა ძალები, რათა გაერო-ში ბოლო გამოსვლის დროს ყველაფერი ეთქვა, რაც გულში დაუგროვდა", - ამბობს სიუჟეტის ავტორი.
ტელეკომპანია "დოჟდი" ასევე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გაერო-ში გამოსვლის ტექსტის რუსული თარგმანი არც ერთ რუსულ სააგენტოს არ გაუვრცელებია, რუსულმა დელეგაციამ კი დარბაზი იმიტომ დატოვა, რომ მერე უნებლიეთ არ გაემეორებინათ სააკაშვილის ფრაზები და გისოსებს მიღმა არ აღმოჩენილიყვნენ.
"რუსმა დიპლომატებმა იმიტომ დატოვეს დარბაზი, რომ მერე უნებლიედ არ გაემეორებინათ სააკაშვილის სიტყვები და ციხეში არ აღმოჩენილიყვნენ. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ ბევრ ისეთ ფრაგმენტს შეიცავდა, რომელიც რუსეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. კერძოდ კი, ექსტრემიზმის შესახებ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლს – "ეთნიკური სიძულვილის წაქეზებას", - აღნიშნავს ტიმურ ალევსკი.