ვახტანგ ძაბირაძე:  პრემიერი ცდილობდა, თავი დაეცვა

ვახტანგ ძაბირაძე: პრემიერი ცდილობდა, თავი დაეცვა

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ექსპერტების პირდაპირი ეთერის ფორმატში შეხვედრა მოულოდნელი იყო. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, ბიძინა ივანიშვილთან გუშინდელი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, ძალიან კარგია, რომ პრემიერმა ასეთი შეხვედრის გამართვა გადაწყვიტა, მაგრამ ფორმატი უჩვეულო იყო. 

"რაც შეეხება იმას, მომეწონა თუ არ მომეწონა, მთავარი ის არის, როგორ მიიღო მოსახლეობამ, რადგან პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა", - განაცხადა ექსპერტმა.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა 4 საათი გრძელდებოდა, ვერ მოხერხდა ყველა საკითხის ვერც შეფასება და ვერც განხილვა. "თუმცა, რაიმე აკრძალვები რა თემას შევხებოდით, ან რა როგორ ყოფილიყო, ასეთი რამე არ ყოფილა. ყველამ იმდაგვარად წამოწია საკითხი, როგორც თვითონ მიაჩნდა სწორედ", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერის ტონი კრიტიკული, ძაბირაძემ აღბიშნა, რომ "არავის არავისთვის ტოლი არ დაუდევს", სრულიად თავისუფალი იყო ორივე მხარე ისე ჩამოეყალიბებინათ პოზიცია, როგორც ამის სურვილი გააჩნდათ.

"ტონი, კრიტიკული იქნებოდა, ბუნებრივია. გარკვეულ ნაწილში, გარკვეულწილად, პრემიერი ცდილობდა თავი დაეცვა და ახსნა-განმარტება მიეცა იმ საკითხებზე, რასაც ის საჭიროდ მიიჩნევდა. ის, რომ პრემიერს სურს, ყველა საკითხი, რომელიც ასე თუ ისე, ინტერვიუებში თუ სადმე გაიჟღერებს ექსპერტთა მხრიდან, იყოს დასაბუთებული, სწორია. მაგრამ, აქაც ცოტა, ალბათ, რაღაც საკითხების დაზუსტებაა საჭირო, რადგან, ზოგიერთ შემთხვევაში, ექსპერტები უბრალოდ გამოთქვამენ ვარაუდს, რომ პროცესი შეიძლება ასე წარიმართება, განვითარდება, ან უბრალოდ კითხვას სვამენ. ამდენად, მგონია, რომ ექსერტები, უფრო თავისუფალი უნდა იყვნენ, ვიდრე ეს პრემიერს წარმოუდგენია", - განაცხადა ძაბირაძემ.